ანა არგანაშვილი - ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე თუ მხოლოდ ერთ დამნაშავეს ეძებენ, სისტემაში რეფორმა ასე ვერ განხორციელდება
ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე რეზონანსული გახდა, რადგან თუ შესაბამის უწყებებში შესული იყო ინფორმაცია და მათ დაცვის აბსოლუტური ვალდებულება ჰქონდათ, – ამის შესახებ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ანა არგანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც არგანაშვილმა აღნიშნა, მათი ინფორმაციით, სისტემაში ინფორმაცია გაცილებით ადრე, 2014-2015 წლებში შევიდა, მაგრამ ამას არ აღიარებენ. მისი თქმით, იყო დიდი დებატი, პოლიციას უნდა განერიდებინა ბავშვი, თუ სოციალურ სამსახურს, მაგრამ ეს ორივეს ვალდებულება იყო.
„თუნდაც ერთ-ერთს არ გაეკეთებინა, მეორეს უნდა შეემოწმებინა, ხომ არ დარჩა რამე საფრთხე. როდესაც სისტემაში ინფორმაციაა შესული, მაქვს მოლოდინი, კანონიერი ნდობა, რომ დამიცავენ. ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, სწორედ ეს იყო შოკისმომგვრელი. ნდობა ძალიან სერიოზული საკითხია, რადგან თუ სახელმწიფომ ნდობა დაკარგა, დამერწმუნეთ, რეფორმა აღარ უშველის“, – განაცხადა არგანაშვილმა.
როგორც არგანაშვილმა აღნიშნა, მას ძალიან აშფოთებს, ხომ არ მოხდება იგივე ტრაგედია კიდევ ერთხელ. ამის მიზეზად ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი სისტემურ პრობლემას ასახელებს.
„სისტემა ინდივიდუალურ დამნაშავეს ეძებს, იქ, იმ დღეს, იმ წუთში, რომელი კონკრეტული სოციალური მუშაკი არ გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში 300-მდე სოციალური მუშაკია და დარწმუნებული ვარ, მათი სამუშაო პირობები ისეთია, ზუსტად ასეთი საქმე სამასივეს ექნება. რატომ?! როდესაც სოციალურ მუშაკს ერთდროულად აწერია ასი ან ასზე მეტი ბავშვის საქმე და ასივეში ძალადობა იკვეთება, ძალადობის შემთხვევაში რიგითობის პრინციპი არ მოქმედებს. მე ვერ გავანაწილებ დროს, რომ ზოგიერთ ბავშვს ორი კვირის შემდეგ მივხედავ, ზოგს კი – ხვალ. შესაბამისად, ყველაფერი იმთავითვე განწირულია, რომ ძალიან ტრაგიკულად დამთავრდება. ამიტომ, თუ ახლა სისტემა მხოლოდ ერთ და ინდივიდუალურ დამნაშვეს ეძებს, ამას სისხლის სამართლის მართლმსაჯულება მოძებნის, მაგრამ სისტემაში რეფორმა ასე ვერ განხორციელდება“, – განაცხადა ანა არგანაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა, ანა არგანაშვილმა განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებას მხოლოდ კანონი და კვალიფიკაცია არ უშველის და მდგომარეობას, პირველ რიგში, პრობლემებზე გულწრფელი საუბარი გამოასწორებს.