ანა არგანაშვილი - ბავშვთა უსაფრთხოებისთვის რეგულაცია აუცილებელია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რეკომენდაცია
ანა არგანაშვილი - ბავშვთა უსაფრთხოებისთვის რეგულაცია აუცილებელია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რეკომენდაცია

ბავშვთა უსაფრთხოებისთვის რეგულაცია აუცილებელია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რეკომენდაცია, როგორც აქამდე იყო, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა არგანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში სასკოლო ექსკურსიებზე და ექსკურსიებისას მომხდარ შემთხვევებზე იმსჯელეს.

„რეგულაცია არ უნდა იყოს რეკომენდაცია, როგორც აქამდე იყო. ანუ, თუ არ შეასრულებთ, რას ვიზამთ. აი, ამ ტონში დაწერილი“, – განაცხადა ანა არგანაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა განათლების რომელიმე მინისტრის სარეკომენდაციო ხასიათის ბრძანება რომელიმე პედაგოგს, თუ დირექტორს მხოლოდ რეკომენდაციად აღექვა და არ შეესრულებინა, ანა არგანაშვილმა განაცხადა, რომ თუ ეს ბრძანება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი წესი იქნება და მისი აღსრულებისთვის ასევე არ იქნება ნაფიქრი რესურსზე, განათლებაზე და სკოლის საქმეში გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, ის არასოდეს აღსრულდება.

„შეიძლება, სკოლას ძალიან უნდოდეს, მაგრამ ვერასოდეს ვერ აღასრულებს. მაგალითად, სასამართლო ამბობს ხოლმე, რომ კანონი არ არის მხოლოდ დაწერილი ფურცელი და მისი აღსრულებაც კანონია. ამიტომ, რეგულაციები უნდა მოვითხოვოთ სავალდებულოდ – დეტალური, გათვლილი, იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ შეუძლია, გამოცდილებით თავად მართოს სიტუაცია და, ვისაც შესაძლოა, უფრო მეტი რისკები აქვს“, – განაცხადა ანა არგანაშვილმა.

მისი თქმით, როცა საუბარია რისკებზე, ის აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს, რადგან არსებობს რისკები, რომლებიც ჩვენი კონტროლის ქვეშაა და არის რისკები, რომლებიც ჩვენ კონტროლს მიღმაა.

„თუ არ დავაზღვიე რისკი, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, ვარღვევ წინდახედულობის ნორმას და გაუფრთხილებლობით შეიძლება, ადამიანი დავაზიანო. ამიტომ, როცა რისკებზე ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ. რაღაც რისკებს ვერ ვაკონტროლებთ. მაგალითად, სტიქიური უბედურების, მაგრამ არის რისკები, რომლებიც ვალდებული ვართ, გავაკონტროლოთ. თუ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მაშინ სახელმწიფო დაგვეხმაროს და გაგვიწეროს ეს რისკები“, – განაცხადა ანა არგანაშვილმა.

როგორც არგანაშვილმა აღნიშნა, ზრდასრულმა ადამიანმა შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება, როცა მას რისკების შესახებ აფრთხილებენ, მაგრამ ბავშვი ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და ამიტომ, ბავშვთან დაკავშირებით სახელმწიფოს და საზოგადოებას უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს.

„შეიძლება, ბავშვმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მაინც უნდა ექსკურსიაზე წასვლა, მაგრამ მას ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას. ბავშვი საფრთხეს ვერ აცნობიერებს. შესაბამისად, ზრდასრულს უნდა ჰქონდეს ის კომპეტენციაც, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. მარტო ვალდებულებას თუ დავაკისრებთ, ის ამ ვალდებულებას ვერ განახორციელებს, რადგან არ შეუძლია. ამიტომ, ამას სისტემურად უნდა შევხედოთ – სკოლების გაძლიერებით; მათთვის შექმნილი უნდა იყოს სავალდებულო გაიდლაინიც კი, აღსრულებაზე პასუხისმგებლობით, შესაბამისი რესურსების გამოყენებით და ასე შემდეგ“, – განაცხადა არგანაშვილმა.