„ამტელ ჰოსპიტალში“ მოთავსებული სამივე მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული სამივე პაციენტი რჩება დაკვირვების ქვეშ. ხვალ გადაწყდება, გავწერთ თუ არა, – ამის შესახებ „ამტელ ჰოსპიტალის“ ექიმმა, ლაშა მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტებს ყველანაირი გამოკვლევა და საჭირო პროცედურები აქვთ ჩატარებული.
„ჩვენთან მოყვანილი იყო სამი პაციენტი. ერთი ბიჭი და ორი გოგო. 12-13 წლის ასაკის. ისინი კლასელები არიან. ერთს აღენიშნება ნაფლეთოვანი ჭრილობა თხემის არეში, რომელიც გაიკერა და დამუშავდა. ჩაუტარდა თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღენიშნება ტვინის შერყევა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილური. მეორე პაციენტ გოგონას აღენიშნება ჭრილობები სახის არეში, ქალა ტვინის ტრავმა. ჭრილობები დამუშავდა, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ტვინის შერყევის მცირე ნიშნები არის და მოთავსებულია მეთვალყურეობის ქვეშ. მესამე პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა. მისი მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია“, – აღნიშნა ლაშა მაჭარაშვილმა.