„ამნესტი ინტერნეშენალი“ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით 2020 წელს არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
„ამნესტი ინტერნეშენალი“ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით 2020 წელს არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალი“ მსოფლიოს 149 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 2020 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

„შრომის უსაფრთხოების სტანდარტები ეფექტიანად არ სრულდებოდა, რაც, ერთი მხრივ, სამუშაო სივრცეში მიღებული დაზიანებებისა და გარდაცვალებების მაღალ მაჩვენებელს იწვევდა, ხოლო მეორე მხრივ, ხელისუფლებას შრომის უფლების მომწესრიგებელი კანონმდებლობის გაძლიერებისკენ უბიძგებდა. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობა. ხელისუფლება აგრძელებდა არათანაზომიერი ძალის გამოყენებას დიდწილად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ისმოდა წუხილები პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესახებ. რუსეთი და სეპარატისტული ტერიტორიები (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი) აგრძელებდნენ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას დანარჩენ საქართველოსთან. წამების ახალ შესაძლო შემთხვევებს და სავარაუდოდ წამებით გამოწვეულ გარდაცვალებას სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მარტში, „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მათ შორის, შემოიღო მიმოსვლის შემზღუდველი ზომები, როგორც ქვეყანაში შესვლაზე და ქვეყნიდან გასვლაზე, ისე შიდა გადაადგილებაზე.

„საჯარო ღონისძიებებზე და თავშეყრაზე ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები აპრილის ბოლომდე შენარჩუნდა. შეზღუდვები ივნისში მოიხსნა, თუმცა ფიზიკური დისტანციის დაცვის მოთხოვნა შენარჩუნდა.

„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ათასობით ადამიანზე იმოქმედა უარყოფითად. შეზღუდვებს უარყოფითი გავლენა ჰქონდა ეკონომიკაზეც, რამაც უმუშევრობის დონე გაზარდა და ბევრი ბიზნესის დახურვა გამოიწვია. მთავრობის მიერ აპრილში გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმით ფინანსური დახმარება გაეწია ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის უმუშევრებს, დაბალშემოსავლიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და პენსიონერებს. გეგმის ფარგლებში, დაიფარა ზოგიერთი შინამეურნეობის ბუნებრივი აირის, წყლისა და დენის ხარჯებიც. მიღებული ზომების მიუხედავად, პანდემიის ნეგატიური ეფექტი საგრძნობლად დიდი იყო, რამაც მრავალი ადამიანი დააყენა სიღარიბის ზღვარზე.

2019 წლის პოლიტიკური დაპირისპირებებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, 2020 წლის მარტში პარტიებმა საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ცვლილებები შეეხო შერეულ (პროპორციულ-მაჟორიტარულ) სისტემას და შემცირდა საარჩევნო ბარიერი. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მმართველმა პარტიამ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიციურმა პარტიებმა, არჩევნების გაყალბების არგუმენტით, შედეგები არ აღიარეს და მათმა უმრავლესობამ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.

სეპარატისტული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი – კვლავ რუსული ოკუპაციისა და მათი ზოგადი კონტროლის ქვეშ რჩებოდნენ; მათი დე ფაქტო მთავრობები კი, კვლავ არ უშვებდნენ საერთაშორისო მონიტორებს“, – ნათქვამია „ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია შრომის უსაფრთხოებასა და სამუსაო ადგილებზე გარდაცვალების შემთხვევებზე.

„შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების არასაკმარისი მონიტორინგისა და აღსრულების ფონზე, 2020 წლის განმავლობაში, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების გამო, ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა, განსაკუთრებით მაღაროებში და მშენებლობებზე დასაქმებულთა შორის.

ოქტომბერში, ბიზნესის წარმომადგენელთა ჯგუფების დაჟინებული წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა და ამით, ადგილობრივი კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან და სტანდარტებთან უფრო თავსებადი გახადა. აღნიშნული ცვლილებებით, გაძლიერდა შრომის დეპარტამენტის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, გაფართოვდა მისი მანდატი და შრომის უსაფრთხოებასთან ერთად, შრომის სტანდარტების ინსპექტირებაც მოიცვა. ცვლილებით ასევე მოწესრიგდა სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის სამუშაოს, სავალდებულო დასვენებების, სტაჟირებებისა და ცვლაში მუშაობისას შესვენებების საკითხები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

„ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია კვლავ პრობლემად რჩებოდა.

„მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის 2020 წლის გლობალური გენდერული თანასწორობის ინდექსში საქართველომ 153 ქვეყნიდან 74-ე ადგილი დაიკავა. კვლევის თანახმად, ქალებსა და კაცებს განათლების მიღებისა და ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით თითქმის თანაბარი მაჩვენებლები ჰქონდათ. თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებაა ეკონომიკაში მონაწილეობისა და შესაძლებლობების კრიტერიუმის მხრივ, პოლიტიკური გაძლიერების თვალსაზრისით კი, ღრმა უთანაბრობა.

ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფების მიერ წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევის შედეგად, პარლამენტმა 2020 წლის ივლისში სავალდებულო გენდერული კვოტები შემოიღო. ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან, პროპორციული წესით არჩეული პარლამენტარების სულ მცირე მეოთხედი იყოს ქალი. შედეგად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 150-იდან სულ მცირე 30 ქალი გახდა პარლამენტის წევრი“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია 8 ნოემბრის აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებაზე.

„8 ნოემბერს პოლიციამ ოპოზიციის მომხრე, დიდწილად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არათანაზომიერად და განურჩევლად გამოიყენა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე პიროვნებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეღწევა სცადა. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებას აპროტესტებდნენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებაზეც.

„ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებდნენ წუხილის გამოთქმას პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესახებ.

ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში ჩართული ორი კარტოგრაფი დააკავეს. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ მათ არასწორი რუკა გამოიყენეს და ამით, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აზერბაიჯანს დაუთმეს. ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების თქმით, ბრალდება გამოგონილი იყო და მიზნად ისახავდა წინა ხელისუფლების, ამჟამად კი, ოპოზიციის პოლიტიკური თვალსაზრისით დაზიანებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების თავისუფლების, ჯანდაცვის უფლების შეზღუდვის, ასევე წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

„ნოემბერში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პენსიონერებისთვის, შემწეობის ასაღებად, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გადასასვლელი გახსნეს. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციის ძალები და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობები კვლავ აგრძელებდნენ დანარჩენ საქართველოსთან გამყოფ ხაზზე ფიზიკური ბარიერების აღმართვას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო დაკავებებსა და დაჯარიმებებს.

ივლისში სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის მოუნიშნავ მონაკვეთზე ადგილობრივი მცხოვრები, ზაზა გახელაძე დააკავეს. გახელაძეს „საზღვრის უკანონო კვეთისა“ და „მესაზღვრეების“ მიმართ ცეცხლის გახსნის ბრალდება წაუყენეს, რაც სასჯელად 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. წლის ბოლოსთვის გახელაძე კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა.

2019 წელს ჩაკეტილი გადასასვლელები სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან კვლავ არ ფუნქციონირებდა. საქართველოს ხელისუფლებისა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, ახალგორში მცხოვრები სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მათ დანარჩენ საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაყვანის ნებართვა ვერ მიიღეს.

წამებას და სხვა სახის არაადამიანურ მოპყრობას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მასშტაბური ხასიათი ჰქონდა; აგვისტოში, სამი ასეთი შემთხვევისა და ერთი გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. 23 აგვისტოს დაკავებული ინალ ჯაბიევი და ნიკოლაი ცხოვრებოვი სავარაუდოდ სასტიკად სცემეს. ჯაბიევი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ცხოვრებოვს კი ხერხემალი დაუზიანდა, რამაც მისი პარალიზება გამოიწვია. ჯაბიევისა და ცხოვრებოვის, აგრეთვე 24 აგვისტოს დაკავებული გერსან კულაევის ფიზიკური დაზიანებების ამსახველმა ფოტოებმა სოციალური მედია მოიარა. ამ შემთხვევებმა ადგილობრივი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რასაც დე ფაქტო მთავრობის გათავისუფლება და პოლიციის რვა თანამშრომლის დაჭერა მოჰყვა. საანგარიშო წლის ბოლოსთვის პოლიციელების წინააღმდეგ აღძრული საქმეები სასამართლოში განხილული ჯერ არ იყო“, – ნათქვამია „ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშში.