ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოებში საქართველოს 20-მდე მოქალაქე იმყოფება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინში 1344, ხოლო თვითიზოლაციაში 1446 პირი იმყოფება.
„დღეისთვის უკვე 197 გავიდა თვითიზოლაციიდან, ანუ მათ გაუვიდათ ის ორ კვირიანი ვადა, რაც ნიშნავს, რომ ჯანმრთელები არიან და დაუბრუნდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულ კორონავირუსის 40 შემთხვევას, გამყრელიძე ამბობს, რომ ორს აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთს – ესპანეთში, სამი გარკვეულწილად დაკავშირებულია საფრანგეთთან, ხოლო ყველა დანარჩენის ისტორია იტალიას უკავშირდება.
ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოებში საქართველოს 20-მდე მოქალაქე იმყოფება
„ამავე დროს, მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადად ევროპულ ქვეყნებში, სადაც საკმაოდ სერიოზულია ეპიდსიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით და მიმდინარეობს დაკვირვება. საავადმყოფოებშია მოთავსებული 20-მდე ჩვენი, საქართველოს მოქალაქე. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება და ამის ზუსტი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს აქვთ“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.