ამირან გამყრელიძის განცხადებით, აცრილი ადამიანებისთვის შესაძლოა, გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაიგეგმოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს, შესაძლოა, გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაიგეგმოს.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხზე მუშაობს და კონკრეტულ წინადადებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე წარადგენს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წამახალისებელ ღონისძიებებზე სერიოზულად მუშაობს. ალბათ, ორშაბათს-სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს გარკვეულ პაკეტს წარვუდგენთ. აცრას ვერავის დავაძალებთ, მაგრა, ე.წ. არაპირდაპირი მანდატორიზმის მექანიზმი უკვე ბევრ ქვეყანაში შედის. მაგალითად, ზოგიერთი ავიაკომპანია არ ყიდის ბილეთებს, თუ ადამიანი აცრილი არ არის. ასევე ბევრმა ქვეყანამ შეიძლება დაბლოკოს ადამიანთა შესვლა, თუ არ ექნება ორჯერადად აცრის სერტიფიკატი. ბევრ წამახალისებელ ღონისძიებაზე ვფიქრობთ, მაგალითად, უსაფრთხო საავადმყოფო, სადაც ყველა ადამიანი აცრილია. ეს ნიშნავს პაციენტი რომ მიდის, იქ ნაკლები შანსია ინფექციის შიდა გადადების. ვთქვათ, უსაფრთხო სამასპინძლო დაწესებულებები, რესტორნები. იქ მომსახურე პერსონალი თუ აცრილია, იმ რესტორანს შეიძლება, წამახალისებლად მიეცეს სერტიფიკატი, რომ იქ ყველა აცრილია. უსაფრთხო მოლები, პროდუქტების უსაფრთხო მაღაზიები, უსაფრთხო საკურორტო ცენტრები, ადგილები, სადაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი იქნება და ა.შ. იმაზეც ვფიქრობთ, რომ ბიზნესს დაველაპარაკოთ.
ამ საკითხებზე მუშაობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და, ვფიქრობ, ორშაბათს ან სამშაბათს, მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენს რეკომენდაციებს წარვადგენთ და იქნებ, თვითონ ბიზნესიც გამოვიდეს წინადადებებით, როგორ შეიძლება მოტივირება გავუკეთოთ, რადგან რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი მეტად გაიხსნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.