ამირან გამყრელიძე - ზოგიერთმა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 65 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრაზე რეკომენდაცია არ გასცა, თუმცა ევროკავშირის წამლის სააგენტომ ის ყველა ასაკის ჯგუფისთვის დაამტკიცა
ამირან გამყრელიძე - ზოგიერთმა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 65 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრაზე რეკომენდაცია არ გასცა, თუმცა ევროკავშირის წამლის სააგენტომ ის ყველა ასაკის ჯგუფისთვის დაამტკიცა

ზოგიერთ ქვეყანაში კვლევებმა აჩვენა, რომ 65 წელს ზემოთ მოქალაქეებში „ასტრაზენაკას“ ვაქცინამ ისეთი დამცველობითი უნარი ვერ გამოიჩინა, როგორც სხვა ასაკობრივ ჯგუფებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, სხვადასხვა გამოცემების მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიუხედავად, ეს მოსაზრება დასაბუთებული არ არის და ევროკავშირის წამლის სააგენტოს პრეპარატთან დაკავშირებით დასკვნაში ცვლილებები არ შეუტანია.

„ამ სტატიებში „ატრაზენაკას“ მიერ წარმოებულ გართულებებზე არ არის საუბარი, ძირითადად საუბარია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ 65 წელს ზემოთ მოქალაქეებში ისეთი დამცველობითი უნარი ვერ გამოიჩინა ამ ვაქცინამ, როგორიც სხვა ასაკობრივ ჯგუფში. ამიტომ, ზოგიერთმა ქვეყანამ არ მისცა რეკომენდაცია 65 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრაზე. ასევე გამოჩნდა პირველი სტატიები სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ნაკლები დამცველობითი უნარი აქვს ამ შტამზე, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესახებ არც ევროკავშირის წამლის სააგენტოს და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა არ არსებობს. ეს ორი მარეგულირებელი არის ჩვენთვის მთავარი. წამლის სააგენტომ ეს ვაქცინა დაამტკიცა ყველა ასაკის ჯგუფისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ დაუმტკიცებია და თებერვლის ბოლოსთვის დაამტკიცებს, ამიტომ, ვნახავთ როგორი იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციებს მივყვებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.