ამირან გამყრელიძე - ვეცადოთ, ვიყოთ სოლიდარული, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის სიკეთეში
ამირან გამყრელიძე - ვეცადოთ, ვიყოთ სოლიდარული, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის სიკეთეში

ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციამ იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ის იხსნის კიდევ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე.

„კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაქცინაციასთან ერთად ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, სანიტარიზაცია. ასევე ხშირად დაგვჭირდება უარის თქმა დიდ შეკრებებზე. ამას ხაზს ვუსვამ. როგორი სახისაც არ უნდა იყოს ეს შეკრებები, სასიხარულო, სამწუხარო და ასე შემდეგ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოზრდილი მოსახლეობის დახლოებით 60 პროცენტი უნდა აიცრას.

„ქვეყანაში რომ საზოგადოებრივი, კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, მოზრდილი მოსახლეობის დახლოებით 60 პროცენტი უნდა ავცრათ. მოზრდილი ასაკის, რადგან ბავშვთა ასაკში, 18 წლამდე არც ერთი ვაქცინა არ გამოიყენება. არის ერთი გამონაკლისი, რომელიც 16 წლიდან გამოიყენება. დანარჩენი, ჩავთვალოთ, რომ არის 18 წლის ზემოთ. აქედან გამომდინარე, იცრება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობა. ასევე, კლინიკური კვლევები არ არის ბავშვებში და ორსულებში, ამიტომ ამ ჯგუფზე აცრებისგან თავს ვიკავებთ. მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი არის მილიონ შვიდასი ათასამდე ადამიანი. ჩვენ წელს თუ ავცერით ეს რაოდენობა, ნამდვილად გაძლევთ გარანტიას, სერიოზულად ვიტყვით, რომ ქვეყანაში ეპიდემიას დავამარცხებთ და ქვეყანა თანდათან ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. ამიტომ ყველა უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ძალიან სოლიდარული, აქტიური ამ პროცესში, რათა მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი იქნას აცრილი. ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის სიკეთეში. ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციამ იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ის იხსნის კიდევ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.

აქტივობა, რაც დღეს და გუშინ გვაქვს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. უფრო მეტს ველოდებით, განსაკუთრებით ჩვენი კოლეგებისგან, რომლებმაც უნდა მისცენ მაგალითი. გუშინ ჩემი მიმართვა, თხოვნა გამოქვეყნდა მათდამი, რადგან მედიცინის მუშაკები ამ პროცესში მაგალითი უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.