ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ საქართველო კოვაქს პლატფორმიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მარტში ან აპრილში მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული.
თუმცა, გამყრელიძის თქმით, საქართველომ უკვე გააკეთა წინასწარი შენატანი და როცა ვაქცინა დამტკიცდება, ქვეყანას შეეძლება კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინის მიღება და მისი არჩევაც, ვინაიდან, გამყრელიძის განმარტებით, საქართველომ მეტი თანხა გადაიხადა სწორედ იმ პირობით, რომ რამდენიმე სახის ვაქცინიდან არჩევის საშუალება ჰქონოდა.
გამყრელიძე ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს იქნება მარტი-აპრილში.
აღნიშნული კომენტარით დღევანდელ ბრიფინგზე გამყრელიძემ უპასუხა კითხვას: „ევროპის სხვადასხვა ქვეყნები უკვე აანონსებენ კონკრეტულ ვადებს, ვინ როდის შეიძლება მიიღოს ვაქცინა, თუ არის კონკრეტული ვადა ცნობილი, როდისთვის შეიძლება ველოდოთ საქართველოში ვაქცინაციის დაწყებას“.
„ჯერჯერობით დააანონსეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს, ეს დააანონსა აშშ-მა, ბრიტანეთმა, გერმანიამ. ასევე აანონსებს საფრანგეთი, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ფირმა ასევე მალე განაცხადებს ვაქცინის მზადყოფნაზე. ჯერჯერობით ამ ეტაპამდე არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის მიერ, არც ევროპის წამლის სააგენტოს, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან ძირითადად დეკემბერის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე. თუმცა, არსებობს ე.წ. დამტკიცების ფორმა, ე.წ. ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ. ასეთი ფორმა აქვს „ეფდიეის“ და ევროპის სააგენტოს, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლებმაც შესაძლოა, მისცენ ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ. ამიტომ, შესაძლებელია, ამ ქვეყნებმა დაიწყონ. რა შეეხება საქართველოს, ჩვენ ვმუშაობთ კოვაქს-პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება. კოვაქს-პლატფორმა, როგორც ვიცი, შეისყიდის დაახლოებით მილიარდზე მეტს. დაახლოებით 170 ქვეყანაა კოვაქს-პლატფორმაში გაერთიანებული და რამდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს 2021 წლისთვის კოვაქს-პლატფორმა, თანაც – არაერთი ვაქცინის. შეძენილი იქნება იგივე ოქსფორდის, „ასტრაზენეკასი“, „ფაიზერის“ – რამდენიმე ვაქცინა. სხვათა შორის, კარგი გადახდის პირობები გაკეთდა კოვაქს-პლატფორმასთან. ჩვენ გადავიხადეთ წინასწარი შენატანი – 4.5 მილიონი ლარი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ, რასაც გიკარნახებენ, ის კი არ შემოიტანო, არამედ შენ შეარჩიო ვაქცინა. დიდი ალბათობით, ჩემი გადასახედიდან, ეს იქნება დაახლოებით მარტი-აპრილისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირ შესყიდვებზეც.
„ჩვენც ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე. პარასკევსაც დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა პირდაპირ შესყიდვასთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ვმუშაობთ მწარმოებლებთან, რომ როგორც კი დაიწყება სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია, შესაძლებელი იყოს…“ – აღნიშნა გამყრელიძემ.