ამირან გამყრელიძე - ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშება იგეგმება, რათა გარკვეული ფულადი ჯილდოებით წახალისდნენ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებული ადამიანები წახალისდებიან.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბევრი წამახალისებელი ღონისძიებები იქნება, რათა უფრო მეტი ადამიანი აიცრას.
„სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმის ღონისძიებებს ვიყენებთ, რომ რაც შეიძლება მეტი აცრილი გვყავდეს. ჩვენ აგვისტოში გავალთ აცრების რაოდენობით სადღაც 700 ათასამდე, რაც სერიოზული ნაბიჯია. სექტემბერში ეს კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ მილიონს გავაკეთებთ. ივლისში ამ მხრივ გვქონდა 231 ათასი აცრა.
სექტემბერში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთიანად და ამაში ჟურნალისტების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად მომავალი 2-3 თვის განმავლობაში აცრა უნდა იყოს მთავარი საკითხი ქვეყანაში, რადგან აცრებზე გადის პანდემიის დასრულება და კოვიდით სიკვდილიანობის შემცირება. ბოლო ორი დღეა, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობს ინფიცირებულთა რაოდენობას, ამაზე იმოქმედა შეზღუდვების დაწესებამ და აცრის გაზრდილმა მაჩვენებელმა.
რაც შეეხება წახალისებასა და ლატარიას, წინა საბჭოზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა საბჭოს, რომ პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, როდიდან დაიწყება ეს ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით და ამაზე უკვე შედგენილია სქემაც. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იქნან ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში, პირველში ან ორში გაკეთდება ამაზე განცხადება და მალე დაიწყება ეს ყველაფერი. ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.