ამირან გამყრელიძე - თუნდაც ხუთი ადამიანი თუ სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე, ამაზე კარგი დამცველი საშუალება ჯერ არ არის
ეპიდსიტუაცია გვაქვს სერიოზულად გაუარესებული, რისკები, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, აქედან გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ერთი – ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები მკაცრად, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია და პირბადე ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
„გეუბნებით, მაინც და მაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს?! გთხოვთ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ შენობებში. იქ, სადაც ღია სივრცეში ვიკრიბებით ხუთი ადამიანი ერთად, გვქონდეს ყველას პირბადე. კი ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როდესაც ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე წრეს აკეთებთ ან კუს ტბაზე, ნუ გექნებათ იქ, მაგრამ თუ 5, 7, 8 ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. გეუბნებით, რომ ამაზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის და მეორე – გავაინტენსიფიციროთ, ავედით ხომ 20 000-ზე. არ არის საკმარისი 20 000, გეუბნებით. გვინდა 25 000, კიდევ უკეთესი იქნება დღეში 30 000. შესაძლებელია, რომ 30 000 აცრაზე ავიდეთ ერთი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.