ამირან გამყრელიძე - თითოეულ აცრილ ადამიანს მიეცემა ორენოვანი დამადასტურებელი ცნობა
თითოეულ აცრილ ადამიანს მიეცემა ორენოვანი დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც სამედიცინო დაწესებულება ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აცრილ ადამიანთა რაოდენობა ყოველდღიურად გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე.
„დღეს და ხვალ ჩვენი საწყობიდან ვაქცინა განაწილდება და ჩავა ყველა რეგიონულ და მუნიციპალურ ცენტრში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, სადაც არის ეს ცივი ჯაჭვის სისტემა და მათი კოორდინირებით დაიწყება აცრები. ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს. ეს არის ორენოვანი ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას მოაწერს ხელს და დაარტყამს ბეჭედს.
ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მესამე, რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები. შემდგომ, ჩვენს პორტალზე ყოველდღიურად გამოქვეყნდება აცრილთა რაოდენობა და ყოველკვირეულად მოხდება ვაქცინაციის პროცესის შეჯამება. ხაზს ვუსვამ, რომ ვაქცინაცია გახლავთ უფასო. ამ პროცესს აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ცენტრის პორტალზე პირველი დარეგისტრირებული ადამიანი მათივე თანამშრომელია და ორშაბათს ის ერთ-ერთი პირველი გაიკეთებს ვაქცინას.
„75 000-მდე ექიმი და სამედიცინო პერსონალი წინასწარ დარეგისტრირებულია ჩვენს პორტალზე, რიგების მართვის პორტალი ჩაირთო სწორედ ახლა და პირველი დარეგისტრირდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ადამიანი, ქალბატონი თამარ გიორგაძე, რომელიც მუშაობს ლუგარის ლაბორატორიაში. ორშაბათს, როდესაც დავიწყებთ აცრებს, ქალბატონო თამარი ერთ-ერთი პირველი აიცრება“, – განაცხადა გამყრელიძემ.