ამირან გამყრელიძე - ქვეყანა პარალელურად მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა „კოვაქსამდე“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული დოზები იქნას მიღებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილეს, ეხებოდა ვაქცინის დანერგვას.
გამყრელიძის თქმით, ხვალ მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანა ასევე მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებთან ბილეტერალურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რათა „კოვაქსამდე“ გარკვეული დოზები იქნას მიღებული.
„საბჭოზე ვისაუბრეთ ქვეყანაში ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებით. ხვალ უკვე მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა, რომელსაც რვა მიმართულება აქვს. მოგეხსენებათ, ქვეყანა მუშაობს „კოვაქს“-პლატფორმაზე, ასევე პარალელურად, ევროკავშირის ქვეყნებთან ბილეტერალურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რათა „კოვაქსამდე“ გარკვეული დოზები იქნას მიღებული. უკვე იდენტიფიცირებულია პირველი რისკჯგუფები, რომლებიც აიცრებიან, როდესაც ქვეყანაში ვაქცინა იქნება.
შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუბარი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა რაც შეიძლება მალე, საქართველოსთვის ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.