ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ერთ-ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო უახლოეს ხანში დადგინდება
ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ერთ-ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო უახლოეს ხანში დადგინდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ერთ-ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო უახლოეს ხანში დადგინდება. ამის შესახებ გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით ბევრი კონტაქტი ვლინდება, რასაც იკვლევენ.

„ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ 20-იდან 25-მდე კონტაქტზე, იმედი მაქვს, წყარო დადგინდება, თუ საიდან მოხდა ამ ადამიანის დაინფიცირება. ამიტომ, ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე.

იმდენად ინტენსიურად ვმუშაობთ, ბევრი კონტაქტი ვლინდება ამ პაციენტთან დაკავშირებით, რომელიც კვლევაშია.

ამიტომ ვფიქრობ, წყაროზე მაინც გავალთ. თუ ვერ გავედით კონტაქტზე, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შემთხვევები იქნება უახლოეს მომავალში, სადაც ინფექციის შემოტანის პირველ წყაროზე ვერ გავალთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პაციენტთან არ არის ცნობილი.