მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პაციენტთან არ არის ცნობილი  
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პაციენტთან არ არის ცნობილი  

თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დილიდან საღამომდე სტაბილურად რჩება, არც ერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მან ბოლო ორი დაინფიცირებულის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთს პნევმონია აქვს, მეორეს კი, კომპიუტერული ტომოგრაფია დღეს ჩაუტარდება.

„ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა, პირველთან დადასტურებულია პნევმონია, რომელიც მიმდინარეობს საშუალოზე მძიმედ, ცხელებით. კლინიკური მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის გამოხატული. გამოხატულია ის, რაც დამახასიათებელია ვირუსული პნევმონიისთვის. მეორე პაციენტთან ჯერჯერობით არ დადასტურებულა. დღეს ჩაუტარდება კომპიუტერული კვლევა და შეფასდება მისი საბოლოო მდგომარეობა. სხვა  მხრივ, ცხელება გრძელდება, მაგრამ ობიექტური სტატუსი ჯერჯერობით სტაბილურია. შემოსავლიდან დღემდე მასთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ მესამე პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით დღეს ტესტი ჩაუტარდა და შედეგი უარყოფითია. გარკვეული ინტერვალის შემდეგ ტესტი ხელახლა ჩატარდება.

„მესამე პაციენტთან დღეს ჩატარდა გამოჯანმრთელებისთვის ჩასატარებელი ტესტი და მასთან უარყოფითია მიღებული. 24 საათიანი ან ცოტა მეტი ინტერვალით კიდევ გადაკონტროლდება. რაც შეეხება ნომერ მეორე პაციენტს, მასთან ჩატარებული ტესტირებით უბრალოდ გახანგრძლივდა ტესტირებისთვის საჭირო ვადები, ამის გამო, მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდება ტესტირება ვადის დასრულებისას და შედეგებს მოგახსენებთ. უარყოფით პასუხის შემთხვევაში, ნომერ მეორე და ნომერ მესამე პაციენტიც კლინიკას დატოვებენ“, – განაცხადა ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის ქვეყნის შიდა გავრცელებაზე ჯერ საუბარი არ არის, ამასთან, მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი ინფექციის გადაცემის წყარო.

„ჩემთვის როგორც ცნობილია, ჯერ შიდა გავრცელებაზე ლაპარაკი არ არის. ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი, დანარჩენ შემთხვევებში, ინფიცირების წყარო, ყოველ შემთხვევაში, მოგზაურობის ისტორია არსებობს თითოეულ პაციენტზე ან კონტაქტში მყოფი პაციენტები მოგზაურობის ისტორიაში მყოფ პაციენტებთან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში ასეთი მკვეთრი წყარო არ არის ცნობილი.

თუ არ იქნა საკმარისი დაავადების გავრცელების შესაჩერებლად ღონისძიებები, რომლებიც ახლა ტარდება,  ეს შეფასდება და თუ ვერ ვუმკლავდებით ამ ეტაპზე არსებული ღონისძიებებით, ალბათ გამკაცრდება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიმღები არის ჯანდაცვა და სახელმწიფო“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში 46 პაციენტია. ახალი კორონავირუსი კი, დადასტურებულია 28 პაციენტის შემთხვევაში.

„დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ შემოგვმატებია. ერთი გაეწერა ჩვენგან. დღეს დილიდან აღებულ 11 პაციენტზე მიღებულია ტესტი, ყველგან უარყოფითი. ეს პაციენტები დატოვებენ ჩვენს ცენტრს, ზოგი საკარანტინო სივრცეში და ზოგი თვითიზოლაციაში გადასვლით. აღებულია დღის მეორე ნახევრისთვის კვლავ 11 ტესტი და გვიან ველოდებით პასუხს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.