ამირან გამყრელიძე - იგეგმება ჯანდაცვის ექიმების წახალისება, ექიმებსა და ექთნებს, ვინც აცრებს აწარმოებენ, ექნებათ დანამატი იმის მიხედვით, რამდენ ადამიანს აცრიან
პანდემიის შეკავების ერთადერთი გზა გადის მასობრივ იმუნიზაციაზე, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევაკავოთ პანდემია, აუცილებელია, გავიდეთ იმ სამიზნე მაჩვენებელზე, რაც გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ იკლებს აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი.
„ჩვენ აგვისტოში გვქონდა 23 000 დღიური მაჩვენებელი, სექტემბერში იყო 19 000, ბოლო ერთი თვის გვაქვს 16 000 და ბოლო კვირის 8 000-მდე, რაც რა თქმა უნდა, ცუდია. ამ პანდემიის შეკავების ერთადერთი გზა გადის მასობრივ იმუნიზაციაზე, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევაკავოთ პანდემია, აუცილებელია გავიდეთ იმ სამიზნე მაჩვენებელზე, რაც გვაქვს. დღევანდელი რიცხვით წლის ბოლომდე არის 60% მოზრდილი მოსახლეობის, დღეისთვის აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 29,4% სრულად და დაახლოებთ 35%-მდე ერთი აცრით. ქვეყანაში ჩატარებულია სულ მცირე მილიონი ადამიანის აცრა და სრულად ადმინისტრირებულია 1 826 000 ვაქცინა. ყველაზე უფრო ფართოდ გამოყენებადი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, დაახლოებით 950 000 აცრა არის გაკეთებული „ფაიზერით“, აქედან სრულად არის აცრილია „ფაიზერით“ 439 000 ადამიანი, მეორე ადგილზე პოპულარობით არის „სინოფარმი“, „სინოფარმით“ სრულად არის აცრილი 257 000 ადამიანი, ხოლო ერთად ადმინისტრირებულია „სინოფარმის“ დაახლოებით 600 000-მდე დოზა, შემდეგ მოდის „სინოვაკი“ და ბოლოს „ასტრაზენეკა“. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, დღეს რაც იკვეთება, გახლავთ სწორედ ის, რომ როგორმე ყველანაირად უნდა ვიმოქმედოთ, გავზარდოთ აცრების ყოველდღიური რაოდენობა. ამისთვის მრავალმხრივი მიდგომა უნდა იყოს, მაგალითად, მონეტარული წახალისება პირველადი ჯანდაცვის ექიმების“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საჭიროა ვაქცინაციის კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება.
„რესურსი, რომ ადამიანი თავად მოვიდეს, არის დაახლოებით 100-150 ათასი, დანარჩენთან ჩვენ უნდა მივიდეთ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება, დაახლოებით 3 000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია ქვეყანაში. 1 200 სოფლის ექიმი და დანარჩენი პოლიკლინიკის ოჯახის ექიმები და ამიტომ მათი წახალისების მექანიზმს ექნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ეს მოსალოდნელი იყო, ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვა იყო ე.წ. ეს თამასა. ზოგს გაუჩერდა აცრების მაჩვენებელი 50%-ზე, ზოგს 35-ზე, ზოგს 30-ზე და ზოგს 60%-ზე. შემდეგ უკვე შემოდის დამატებითი ღონისძიებები, იქნება ეს წამახალისებელი თუ შემზღუდავი ღონისძიებები. ეს ასევე დამოკიდებულია მოქალაქეებისადმი ინფორმაციის მიტანაზე. დღევანდელ სხდომაზე განხილული იყო და ალბათ დამტკიცდება უახლოეს დღეებში, ეს არის პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების ინიციატივა, ეს არის კარგად ცნობილი პირველად ჯანდაცვაში, შედეგზე დამყარებული ანაზღაურება, ანუ ექიმს და ექთანს, ვინც აცრებს აწარმოებენ და ასევე ადამიანს, ვინც ამ ამცრელ ჯგუფში შედის, ექნება წახალისება იმის მიხედვით, დამატებით რამდენ ადამიანს აცრის გარდა იმისა, რასაც იღებენ, თითოეულ აცრაში, იცით, ოთხი ლარია, რასაც სახელმწიფო იხდის და ამაზე სერიოზული დანამატი იქნება“, – ამირან გამყრელიძემ.