ამირან გამყრელიძე - გვექნება ელექტრონული სიები იმ სამედიცინო მუშაკებისა, ვინც თანახმაა, რომ პირველ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას
ამირან გამყრელიძე - გვექნება ელექტრონული სიები იმ სამედიცინო მუშაკებისა, ვინც თანახმაა, რომ პირველ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას

„კოვაქსისგან“ არის დადასტურება, რომ „ფაიზერის“ ლიმიტირებული დოზა, 29 250 უნდა შემოვიდეს თემერვლის ბოლო დეკადაში, რაზეც „კოვაქსთან“ ყოველდღიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აცრების პირველი ეტაპი ჰოსპიტალურ სექტორში მოხდება. ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც ატვირთულია იმ სამედიცინო მუშაკის მონაცემები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ ეტაპზე უნდა ჩაუტარდეთ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დღეებში ყველაზე მაღალი რისკის მქონე სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ექნებათ, რათა ვაქცინის პირველი ლიმიტირებული დოზით ასაცრელად ზუსტი სია შედგეს.

„ამისთვის სახელმწიფო სერიოზულად მოემზადა. „ფაიზერი“ საჭიროებს 70-80- გრადუსიან ცივ ჯაჭვს. აცრები მოხდება მხოლოდ სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ასევე, უკვე შერჩეულია კლინიკები, რადგან აცრების პირველი ეტაპი ჰოსპიტალურ სექტორში მოხდება. ასევე შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც უკვე ატვირთულია 75 000-მდე სამედიცინო მუშაკის მონაცემები, ვინც პირველ ეტაპზე იცრებიან. მოგეხსენებათ, პირველი ლიმიტირებული დოზა ჰყოფნის 14 000-მდე სამედიცინო მუშაკს. ამიტომ, მოვახდინეთ ამ პრიორიტეტის კიდევ მეტად პრიორიტეტიზაცია. შერჩეულია ყველაზე მაღალი რისკის ადამიანები, რომლებიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ. დღეს ან ხვალ ამ ადამიანებთან დაიწყება კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, აცრა არის ნებაყოფლობითი. შესაძლოა, ვინმემ უარი თქვას. შესაბამისად, ვიცით თითოეული ადამიანის პერსონალური მონაცემები, რომელი რეგიონიდან, ქალაქიდან, სოფლიდან არიან და ხდება ამ ბაზების დაწმენდა. ჩვენ გვექნება უკვე ელექტრონული სიები ყველა ადამიანის, ვინც თანახმაა, რომ აიცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.