ამირან გამყრელიძე - გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისისთვის მიიღებს
ამირან გამყრელიძე - გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისისთვის მიიღებს

გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისისთვის მიიღებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია,  „ფაიზერის“ ვაქცინის დაახლოებით მილიონამდე დოზა განთავსებულია „კოვაქს“ პატფორმაზე, რომელიც სწორად უნდა მიეწოდოს და განაწილდეს 51 დაბალგანვითარებულ და საშუალოგანვითარებულ ქვეყნებზე. სერიოზული მსჯელობა მიდის და გვეცოდინება ამ დღეებში, რომელ ქვეყნებს შეარჩევენ ამ 51 ქვეყნიდან. საქართველო შედის ევროპის იმ 12 ქვეყანაში, რომელიც აკმაყოფილებს „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეული, ანუ ლიმიტირებული დოზების მიღების ყველა პირობას. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება უკვე არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, „გავის ალიანსისა“ და კოვაქსის საბჭოზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს თანაბრად განაწილდება ყველა ამ 51 ქვეყანაზე, თუ შეირჩევა რეგიონებში გარკვეული კრიტერიუმებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანში გვეცოდინება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, „კოვაქსის“ პლატფორმასთან მოლაპარაკება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი ალბათობით, თებერვლის ბოლოსთვის, მარტის დასაწყისისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინის, რომელიც ყველაზე მეტი თავსდება პირველ კვარტალში „კოვაქსის “პლატფორმაზე, რამდენიმე ასეულ ათას დოზას საქართველოც მიიღებს. კოვაქს პლატფორმიდან პირველ 3 პროცენტს დიდი იმედი გვაქვს, მივიღებთ.

ამასთან, აღიარების რეჟიმშია კიდევ რამდენიმე ვაქცინა, რომელიც თანდათან განთავსდებიან „კოვაქს“ პლატფორმაზე. ფული აქვს გადახდილი 2 მლრდ დოზა ვაქცინის და კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება დამატებით 1 მლრდ დოზა ვაქცინაზე, რომლითაც ძირითადად „კოვაქსი“ ემსახურება საშუალო და დაბალგანვითარებულ ქვეყნებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.