ამირან გამყრელიძე - გრიპით მიმართვიანობა მცირედით გაიზარდა, არ შეგეშინდეთ, მაგრამ ვიყოთ ფრთხილად, რათა გრიპის მეორე ძლიერი ტალღა არ მივიღოთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების გამო მიმართვიანობა გაიზარდა.
მისივე თქმით, ასევე გაზრდილია მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.
გამყრელიძის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ქვეყანამ გრიპის მეორე ძლიერი ტალღა თავიდან აირიდოს.
„მინდა, მოგახსენოთ გუშინდელი მონაცემები გრიპთან დაკავშირებით. არ უნდა მოვადუნოთ ჩვენი ყურადღება გრიპთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს გარკვეულად ზედდება ამ ორი რესპირაციული ინფექციის. მარტის მეორე კვირაში და ზოგადად ამ წლის მეათე კვირაში უკვე გვაქვს ოდნავ ზრდა მიმართვიანობის გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე გადათვლით, ასევე მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. არ შეგეშინდეთ, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია. ეს არის დაახლოებით 2-4 პროცენტის ფარგლებში მატება, მაგრამ მაინც საყურადღებოა და უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ქვეყანაში გრიპის მეორე ძლიერი ტალღა არ მივიღოთ“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, გრიპის შემთხვევაშიც ვრცელდება ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებს.
„დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, თუ ვართ ინფიცირებულ ადამიანთან, შესაბამისი დამცავი საშუალებების, პირბადებიის ხმარება, ხელების ხშირი დაბანა და ა.შ. “,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.