ამირან გამყრელიძე - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინათა პირველი პარტია ოქტომბრის დასაწყისში შემოვა
წელს ნაყიდი გვაქვს 135 ათასი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ფრანგული წარმოების ვაქცინების პირველი პარტია საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში შემოვა.
„ჩვენ გრიპის ვაქცინაციას ვიწყებთ ხოლმე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში. ჩვენ ადამიანებს ვცრიდით იანვარშიც და თებერვალშიც. მოგეხსენებათ, გრიპთან დაკავშირებით ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში შედიან ორსული ქალბატონები, ამიტომ იმის მიხედვით, ქალბატონი როდის დაორსულდება, შეიძლება, ის მთელი სეზონის განმავლობაში აიცრას. მოგეხსენებათ, არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს ყველა ადამიანის გრიპის მანდატორულ ვაქცინაციას, მაგალითად, როგორც წითელაზე იცრებიან ადამიანები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარკვეული კულტურა 2014-2015 წლიდან დავნერგეთ. მახსოვს, შარშან წინ 40 000 ვაქცინა გვქონდა და ძალიან ბევრი ვერ ავითვისეთ, რადგან არ მობრძანდნენ რისკ ჯგუფები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად საზღვრავს, ვინ უნდა აიცრას პირველ რიგში. შარშან შევიძინეთ 100 000 ვაქცინა, მოთხოვნა კარგი იყო და ძალიან ცოტა დაგვრჩა აუთვისებელი. წელს ნაყიდი გვაქვს 135 ათასი, რომლის პირველი პარტია, ჩემი ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში უნდა შემოვიდეს. ნაყიდი გვაქვს ფრანგული წარმოების ვაქცინა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, იმუნიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ისაზღვრება, ვინ უნდა იყვნენ რისკ ჯგუფები. ესენი არიან ორსულები, ჩემი კოლეგები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშები თუ მოხუცები, დიაბეტით დაავადებულები და ა.შ.“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაიზრდება. შესაბამისად, ვაქცინას კერძო სექტორიც შემოიტანს და მათი რაოდენობა, შესაძლოა გაორმაგდეს.
„ვაქცინა ასევე შემოაქვს კერძო სექტორს და მსურველებს ნებაყოფლობით შეუძლია აიცრას. პროგნოზი გვაქვს, რომ წელს შეიძლება გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა მეტი იყოს, ბაზარზე სერიოზული დეიციტია, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩოების საშუალებით აქტიურად გვეხმარება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინა დამატებით კიდევ გავაორმაგოთ“, – განაცხადა გამრელიძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი