ამირან გამყრელიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალისა და სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ მედპერსონალს შეხვდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თავდაცვის სამინისტრის გორის სამხედრო ჰოსპიტალისა და სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციის პროცესს შეეხო.
როგორც კლინიკა „გორმედის“ კლინიკურმა მენეჯერმა განაცხადა, საავადმყოფოს მთელი ქსელი მზადაა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად.
„ჩვენ შევხვდით ბატონ ამირან გამყრელიძეს და ვისაუბრეთ ყველა მიმდინარე საკითხზე. ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ვაქცინაციის აუცილებლობაზე. „გორმედის“ ქსელი გამოთქვამს მზაობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე. ჩვენ მზად გვაქვს კოვიდვაქცინაციის კაბინეტები და ველოდებით ჩართვას. კლინიკა დასაწყისში ჩართული იყო ამ პროცესში და ახლა მზად ვართ, მთელი ქსელის მასშტაბით განვაახლოთ ეს პროცესი.
ასევე, „გორმედის“ ქსელი, რომელიც რეგიონში სამი კლინიკითაა წარმოდგენილი, მზადაა ჩაერთოს კოვიდის მართვის პროცესში. დღეისთვის ქარელის კლინიკა ისევ რჩება კოვიდკლინიკად, იქ ამ დროისთვის 21 პაციენტია. გვაქვს ხაშურში და გორში ცხელების ცენტრები, გვაქვს კოვიდზონები, სადაც ჩვენთან შემოსულ პაციენტებს ვმართავთ. გამოვთქვამთ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, ჩავერთოთ პროცესში“, – განაცხადა „გორმედის” კლინიკურმა მენეჯერმა, ხათუნა შრუბმა.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრა „წითელი ჯვრის“ მოხალისეებთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ამასთან, ამირან გამყრელიძე შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რეგიონის რწმუნებულთან ერთად, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.