ამირან გამყრელიძე - გატარებულმა ზომებმა მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენთან ინფექცია ისევ დუნედ იზრდება, ნახტომისებური ზრდა არ გვაქვს
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გატარებული ზომების შედეგია, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ნახტომისებური ზრდა არ ხდება.
„ვფიქრობ, აქამდე გატარებულმა ზომებმა, მთელი ქვეყნის – სახელმწიფოს, საზოგადოების, თქვენმა, ასევე შემზღუდავმა და ჯანდაცვითმა ღონისძიებებმა, იქამდე მოგვიყვანა, რომ დღეს, ჩვენთან ინფექცია ისევ დუნედ იზრდება. ანუ, დიდი, ნახტომისებური ზრდები არ გვაქვს. ყველა ქვეყნისთვის ე.წ. შიდა გავრცელებების დაწყებიდან, ამას ვანგარიშობთ 22-23 მარტიდან, როცა შიდა გავრცელება დაგვიფიქსირდა, მე-6, მე-7, მე-8 კვირა არის ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო კვირები და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, გთხოვთ, დავიცვათ. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვა ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.