ამირან გამყრელიძე - გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა „კოვაქსიდან“, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ
ამირან გამყრელიძე - გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა „კოვაქსიდან“, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ

ევროკავშირის 7-8 ქვეყნისგან არის დაპირება, რომ თუ მიიღებენ ვაქცინის ჭარბ დოზებს, საქართველოს გაუნაწილებენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „კოვაქსიდან“ საქართველომ წლის განმავლობაში 1.4 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს.

„ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა აგვისტოში დაიწყო. წელს გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა „კოვაქსიდან“, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ, ჩვენი გეგმით, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული, გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, ანუ 2.5 არის კიდევ მოსაპოვებელი. ამასთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი, ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან. ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყნისგან არის დაპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი, ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გაუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად. ის არის ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.