ამირან გამყრელიძე - „ფაიზერი“ გავიკეთე ხალხის დასარწმუნებლად, ბევრი ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა, ვაქცინას მისი გამოშვებიდან ვადა აქვს ცხრა თვე
„ფაიზერი“ გავიკეთე ხალხის დასარწმუნებლად. ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ-დოზით აიცრა.
მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინას მისი გამოშვებიდან ვადა აქვს ცხრა თვის განმავლობაში.
„სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რადგან ხალხი დავაწმუნო. ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს ვადა გაუვიდა და ასე შემდეგ. მინდა, განვაცხადო, ზოგადად აგვისტოს შემდეგ, აგვისტოში იყო ეს დადგენილება „ფაიზერისა“ და ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის, რომ „ფაიზერი“, რომელიც წლის პირველ ნახევარში ადმინისტრირდებოდა, დაშვებული იყო მისი ექვსთვიანი ვადა. ასევე იცით, რომ „ფაიზერი“ ინახება -60-დან -90 გრადუს ტემპერატურაზე. გამოლღობის შემდეგ იყო, რომ ხუთ დღეში უნდა გამოგეყენებინა ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. აგვისტოში უშუალოდ „ფაიზერმა“ და მარეგულირებლებმა შეცვალეს რეკომენდაციები და შესაბამისად, „ფაიზერს“ ვადა აქვს უკვე მისი გამოშვებიდან ცხრა თვე, თუ ინახება -60-დან -90 გრადუს ტემპერატურაზე. გამოლღობის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე, 2-დან 8 გრადუსამდე. დღეს დაახლოებით 900 ათასამდე დოზა „ფაიზერია“ ქვეყანაში. აქედან უმრავლესობას, დაახლოებით 700 ათას დოზას, ვადა აქვს მარტის ბოლომდე. ნაწილს ვადა აქვს თებერვლის ბოლომდე და იანვრის ბოლომდე. ამიტომ, საკმარისია დოზები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.