ამირან გამყრელიძე - დიდი იმედი მაქვს, ეკლესია, რომლისაც სჯერა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, დიდ როლს ითამაშებს ვაქცინაციის მნიშვნელოვან პროცესში
ამირან გამყრელიძე - დიდი იმედი მაქვს, ეკლესია, რომლისაც სჯერა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, დიდ როლს ითამაშებს ვაქცინაციის მნიშვნელოვან პროცესში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები, ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რომელიც გაზაფხულზე გაფართოვდება, ზაფხულის ბოლოს კი, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია იგეგმება.

„ვაქცინასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. მე არ მინდა, ძალიან დავკონკრეტდე. მაქვს ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მინდა, ტყუილი ილუზიები შევქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რომელიც უფრო და უფრო გაზაფხულზე გაფართოვდება. ზაფხულის ბოლოს კი, ჩვენ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ და მოვუწოდოთ მოსახლეობას, ვიმუშაოთ. ახლა იწყება სერიოზული პიარკამპანია ამისთვის, რაშიც თქვენ უნდა მოგვეხმაროთ, ყველა ტელევიზია თუ მასმედიის წარმომადგენელი, რომ მოსახლეობამ ირწმუნოს, დღეს კორონავირუსული პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, მეორე მხრივ, რეკომენდაციების დაცვაზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში შეიქმნება რამოდენიმე პირდაპირი მოქმედების წამალი და ასევე დიდი იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი წერტილს დაუსვამს პანდემიას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

ამასთან, გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდს, რომელმაც ვაქცინაციის საკითხზე იმსჯელა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს უმაღლეს საეკლესიო კრებას, წმინდა სინოდს, მის ყველა წევრს, რომ გაგებით ეკიდებიან იმ საშიშროებას, რაც დგას პანდემიიდან გამომდინარე მოსახლეობის ჯანმრთელობის წინაშე, ისევე, როგორც გაზაფხულზე გვერდში ამოუდგნენ ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, რომ გაზაფხულის ტალღა გამოვიარეთ შედარებით უფრო ნაკლები დაზიანებით.

დღეს, როცა ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პროცესია, სინოდის განჩინებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ეკლესიასთან, სასულიერო პირებთან. ურთიერთგაგება ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა იზიარებს, რომ პანდემიის დამთავრების გზა გადის ვაქცინაციაზე და გასაგებია, რომ ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს სამედიცინო პერსონალმა, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა სწორი ინფორმაციიის მიტანაში არის განსაკუთრებული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია, როგორც ყველაზე დიდი პატივსაცემი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომლისაც სჯერა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, ძალიან დიდ როლს ითამაშებს წელს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რასაც ჰქვია პანდემიის დამარცხების ბოლომდე მიყვანა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაშია აღნიშნულია: „მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში“.