ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 4 460 მოქალაქეს ჩაუტარდა ვაქცინაცია
სწორედ იმუნიზაციამ უნდა დაამთავროს პანდემია მსოფლიოში და ეპიდემია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 4 460 მოქალაქე აიცრა.
„აცრები ჩვენთან დაიწყო 15 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. პირველი სამი დღე დაწყებისთვის იყო ნორმალური; დღეში გვქონდა დაახლოებით 700-750 აცრა ქვეყნის მასშტაბით. მესამე დღეს უკვე 1 300-ს ავცდით და ტენდენცია კარგი ჩანდა, მაგრამ ცნობილი, ძალიან ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, პროცესი თითქმის გაჩერდა, აცრების რაოდენობა ჩამოვარდა 100-90-130-ის ფარგლებში. დღევანდელი რიცხვით, დილის მონაცემებით, აცრილია 4 460 მოქალაქე. აქედან, რა თქმა უნდა, უმრავლესობა არიან სამედიცინო მუშაკები, რადგან ისინი გახდნენ პირველი პრიორიტეტი. ამასთან, ორი დღის წინ გაიხსნა ფანჯარა 65 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის და მათაც დაიწყეს რეგისტრაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, „ფაიზერით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირის სამშაბათიდან დაიწყება.
მას შემდეგ, რაც გუშინწინ გამთენიისას ჩამოვიდა „ფაიზერის“ ლიმიტირებული დოზები- 29 250, იმავე დღეს საღამოს 18:00 საათზე გაიხსნა ასევე რეგისტრაცია პორტალზე „ფაიზერით“ აცრების მსურველთათვის. „ფაიზერით“ აცრები წარიმართება სამშაბათიდან ქვეყნის სამ ქალაქში: ბათუმში , ქუთაისსა და თბილისში. ექვსი კლინიკაა გამოყოფილი ამ აცრებისთვის, თბილისში ოთხი და თითო-თითო ქუთაისაა და ბათუმში. მათ ჩატარებული ჰქონდათ შესაბამისი ტრენინგები ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, რადგან ჩვენ თებერვლის ბოლოს ველოდებოდით „ფაიზერს“. ცხრა კლინიკას ჩაუტარდა მაშინ და ახლა ორი დღის წინ კიდევ მოხდა ტრენინგების განახლება. ამასთან, „ფაიზერს“ ოდნავ სხვანაირი შპრიცები სჭირდება და ა.შ. სამშაბათიდან ეს პროცესი უნდა დაიწყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ფაიზერით“ 14 000-მდე ადამიანის აცრის შესაძლებლობა არსებობს.
გუშინწინ გაიხსნა პორტალზე ჩაწერა ძალიან სწრაფი ტემპით და დღევანდელი რიცხვით „ფაიზერზე“ რეგისტრირებულია 10 199 მსურველი სამივე ქალაქში, ექვსივე კლინიკაში. 14 აპრილამდე იყო ეს ფანჯარა გახსნილი და 14 აპრილამდე თითქმის ყველა საავადმყოფოს ადგილები უკვე დაჯავშნილია. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 14 000-მდე ადამიანის „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა. აქედან 10 199 დაჯავშნილია 14 აპრილამდე და შემდეგ ალბათ დანარჩენ ამ 3000-4000. ამათთვის გაიხსნება რეგისტრაცია შესაბამისად, ვნახავთ, აცრები როგორი ინტენსივობით წარიმართება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, თანდათანობით იმატებს ჯავშნები „ასტრაზენეკაზეც“.
„ამავე დროს გარკვეულად იმატებს „ასტრაზენეკაზეც“ თანდათან ჯავშნები. მადლობელი ვართ, რომ განსაკუთრებით ხანდაზმულები, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა აქტიურობს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა. ამიტომ, დავაკვირდებით ერთი კვირის განმავლობაში და შესაძლებელია ისევ შევიდეს გარკვეული ცვლილებები ამ ასაკობრივ დაშვებაში. „ფაიზერის“ ვაქცინის სხვა ვაქცინით ჩანაცვლება მეორე ინექციაზე, რომელიც სამი კვირის შემდეგ კეთდება, არ შეიძლება, ამიტომ, ეს 29 250 დოზა გაიყოფა ორად და იმ 14 000 ადამიანს, ვისაც გაუკეთდება პირველი აცრა, სამი კვირის შემდგომ მეორე დოზა ისევ „ფაიზერით“ გაუმეორდებათ. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ის 43 000 დოზა, რომელიც შემოსულია თავისი დანაკარგით, არ მოხდება ამ ვაქცინის შენახვა. იქ სრულად აიცრებიან ადამიანები, რამეთუ 8-12 კვირის განმავლობაში, აპრილში ველოდებით მეორე პარტიას – 86 000 დოზის რაოდენობით. ამ ადამიანებს ისევ „ასტრაზენეკათი“ გაუმეორდებათ განმეორებითი აცრა. ახლა ჩვენ თანდათან უფრო უნდა გავაფართოვოთ, მეტი აქტივობა გვჭირდება, მეტი ლაპარაკი მედიის საშუალებით მოსახლეობასთან. ვმსჯელობთ კიდევ სხვადასხვა მიდგომაზე, პიარკამპანიის როგორი გაძლიერებაა საჭირო. იქ საუბარია ცნობილი სახეების აცრებზე, იგივე ჟურნალისტების აცრებზე, რათა ადამიანებს მოვუწოდოთ, რომ ეპიდემიას ჩვენ ვერ გავაჩერებთ და გვექნება სამწუხაროდ არასახარბიელო მდგომარეობა თუ აცრები არ დავაჩქარეთ. მანამდე, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მწარმოებლებთან“, – განუცხადა გამყრელიძემ.