ამირან გამყრელიძე - „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 85 ათას დოზას საქართველოში აპრილის მეორე ნახევარში ჩამოიტანენ
ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ორშაბათიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება ქვეყნის მასშტაბით 28 ამცრელ ცენტრი.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 85 ათასი დოზა საქართველოში აპრილის მეორე ნახევარში ჩამოვა.
„როგორც მინისტრმა მოგახსენათ, ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის მზად არის ქვეყანაში 82 ამცრელი ცენტრი. პირველ ეტაპზე, ანუ ორშაბათიდან აცრა დაიწყება 29 ცენტრში. ეს არის თბილისის და ყველა რეგიონალურ ცენტრებში გამოყოფილი შესაბამისი ამცრელი კაბინეტები, რომელთაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. თბილისში ამ ეტაპზე იქნება ასეთი ათი, ქუთაისში ოთხი, ბათუმში ოთხი, რუსთავში ორი, ზუგდიდში ორი და ყველა რეგიონალურ ცენტრში იქნება კიდევ თითო-თითო. შემდეგ უკვე 17 რიცხვში ამას დაემატება 35-მდე დაწესებულება და შემდეგ უკვე 19-ში კიდევ 23 დაწესებულება. ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება მთლიანად ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა დღეს შემოსული 43 200 დოზის ადმინისტრირება მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, ანუ მეორე აცრა, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის, შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, იგივე „ასტრაზენეკა”, – განაცხადა გამყრეკლიძემ.
მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი.
„ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, რომ მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი და რა თქმა უნდა, შემდგომი პრიორიტეტული ჯგუფი გახლავთ უკვე მოხუცთა სახლებში მყოფი ხანდაზმულები და მათი მომვლელი პერსონალი, რომელიც ერთიანად არის 2 000 ადამიანი. შემდეგ გადავალთ უკვე მესამე პრიორიტეტულ ჯგუფზე, ეს გახლავთ უკვე ასაკობრივი პრიორიტეტიზაცია, 75 წელს ზემოთ მოსახლეობა და ასე მივყვებით ჩვენი გეგმის მიხედვით, რომლის მიხედვითაც, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას 1 700 000 ადამიანი ორჯერადად. ანუ ეს არის დაახლოებით 3 400 000 დოზა. თავისი გარკვეული დანაკარგით, ჩვენ ვანგარიშობთ სადღაც 3 900 000 დოზას, რომლის მობილიზაცია ქვეყანაში წელს გაკეთდება. გარანტირებული არის 1 400 000 დოზა კოვაქსიდან, რომლითაც შემოვიდა სწორედ ეს პირველი ვაქცინა და დარწმუნებული ვარ, უკვე ბევრი კონტრაქტი აქვს ქვეყანას, მთავრობას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში ჩვენ გვექნება მასობრივი იმუნიზაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ გვერდში დგომისკენ.
ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო, არის და იქნება ჩართული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს, დიდი მადლობა მინდა ჩვენს გუნდს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადავუხადო და დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, გაერო-ს ბავშვთა ფონდს“, – განაცხადა გამყრელიძემ.