ამირან გამყრელიძე - არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდეთ, ყველას ვთხოვ, მოგვაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია
ამირან გამყრელიძე - არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდეთ, ყველას ვთხოვ, მოგვაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ბრუნდებიან, წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა კარანტინში არ მოხვდნენ.

ამირან გამყრელიძე თხოვნით მიმართავს ყველას, ვინც ქვეყანაში ბრუნდება, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზღვარზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მინდა, მივმართო ადამიანებს, რომლებიც ბრუნდებიან იტალიიდან, ესენი არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი – თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმები. ვისაც აქვს სიმპტომები საზღვარზე, ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან, რომ აქვთ გარკვეული სიმპტომები, კერძოდ, ტემპერატურა და იღებენ წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე და ამით შემდგომ სიმპტომი დროებით იმალება. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვინც ბრუნდება საქართველოში, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ. ეს პირველ რიგში არის მათთვის, ასევე როდესაც გადაგვყავს ისინი კარანტიში ან თვითიზოლაციაში, მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ვიცავთ და ხელს ვუშლით შესაძლო ინფექციის შემდგომ გავრცელებას“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე მიმართავს იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, თუ არ აქვთ თვითიზოლაციის საშუალება, დააფიქსირონ და მათ კარანტინში გადაიყვანენ.

„განსაკუთრებული აქცენტი დღეს კეთდება იტალიაზე, მინდა, მივმართო დაბრუნებულ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებელია თვითიზოლაციის დროს დაცული იქნეს ის პირობები, რაც მათ რეკომენდაციის სახით ეძლევათ. თუ რომელიმე მათგანს არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, დააფიქსირონ ეს და ისინი იქნებიან გადაყვანილი კარანტინში. კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნა არის სერიოზული ჰუმანური აქტი, რომ პრევენცია გავუკეთოთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარული, რათა მინუმამდე დავიყვანოთ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში და ხელი შევუწყოთ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.