ამირან გამყრელიძე - ადამიანებს არ უნდა სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა რეგიონებში, მომავალ კვირაში თბილისში მიწოდების დეფიციტი აღარ უნდა გვქონდეს
მეტად უნდა დავაჩქაროთ ვაქცინაცია, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, უნდა გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა რეგიონებში.
„45 000 ადამიანია დამატებით ამ თვის ბოლომდე აცრებზე ჩაწერილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა დუშეთში, თიანეთში, გურჯაანში და ა.შ. იქ უნდა აიცრას ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
მე ვფიქრობ, მომავალ კვირაში ჩვენ თბილისის საკითხი წესით და რიგით უნდა მოვაგვაროთ. მიწოდების დეფიციტი თბილისში აცრებზე აღარ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამირან გამყრელიძემ.