ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში „ტამიფლუსა“ და პირბადეების დეფიციტი არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პრეპარატ „ტამიფლუსა“ და სამედიცინო პირბადეების დეფიციტი არ არის.
„ამ ეტაპზე, არავითარი დეფიციტი არ არის. სახელმწიფო მარაგებიდან ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არის მარაგი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, სასკოლო არდადეგების გახანგრძლივებასთან ერთად, სკოლებს მიეცა რეკომენდაციები, ჩატარდეს სანიტარიული ღონისძიებები და მოემზადონ ბავშვების მისაღებად.
„რადგან კვლავ მაღალია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გამოძახების რიცხვი და ექიმთან მიმართვიანობა, განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება ერთი კვირით გადადო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
H1N1-ით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თორმეტი ადამიანი დაიღუპა.