ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩინეთი უცხოეთში წამსვლელ მგზავრებს აეროპორტებში ამოწმებს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩინეთი უცხოეთში წამსვლელ მგზავრებს აეროპორტებში ამოწმებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩინეთი აეროპორტებში ახდენს მათი ქვეყნიდან უცხოეთში წამსვლელი მგზავრების სკრინინგს ტემპერატურაზე და ასევე, კითხვარებით. ამის შესახებ მან ახალი კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს მიჰყვება.

„ჩინეთისთვის სხვა რეკომენდაციებია. ჩინეთში კარანტინში მოაქციეს მთლიანად ქალაქი უხანი, აკრძალეს გასვლა და შესვლა. ჩინეთი აწარმოებს ჩინეთიდან გამსვლელი მგზავრების სკრინინგს აეროპორტებში ტემპერატურაზე და ასევე კითხვარებით.

ჩვენთვის სხვა რეკომენდაციებია, რადგანაც ვართ მინიმალური რისკის ზონაში. ჩვენთან რეკომენდაციების მიხედვით ვახორციელებთ შემდეგს – აეროპორტებში და სხვა სასაზღვრო პუნქტებში გუშინ დაიწყო ჩინეთიდან შემოსული მგზავრების სკრინინგი კითხვარის საშუალებით. მათ ეძლევათ სამ ენაზე დაბეჭდილი ფლაერები, რომელშიც აღნიშნულია, თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც დაავადების ინკუბაციური პერიოდია, სიმპტომები განუვითარდებათ, აუცილებლად უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. ეს სიმპტომებია ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში დადგინდა ჩინელების ჩასახლებისა და მუშაობის ადგილები.

„ჩინელები მუშაობენ რამოდენიმე დიდ მშენებლობაზე, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს ავტობანი, ჰესების მშენებლობაზე; თბილისშია რამოდენიმე ასეთი ჩასახლების ადგილი. იქ მათ ჩაუტარდებათ ასეთი ახსნა-განმარტებითი სამუშაოები. გარდა ამისა დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს დაიწერა ბრძანება, შექმნილია ეპიდემიოლოგების სპეციალური ბრიგადები და თუ საჭიროა, ეს ბრიგადები გავლენ ადგილზე, თუ ასეთი ეჭვმიტანილი ადამიანი იქნება, მათ გამოსაკვლევად და მათთვის შესაბამისი გეზის მისაცემად“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია.