ამირან​ გამყრელიძ​ე - საქართველო კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია
ამირან​ გამყრელიძ​ე - საქართველო კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს.

„პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამ ეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. თუმცა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, ინფექციის შემოტანის რისკი არის. ამიტომ, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ ინფექციის შემოტანის პრევენცია.

შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტი რეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უხანიდან შემოსულ ყველა ადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლის დედაქალაქის უხანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონ და თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის განმავლობაში​ განუვითარდებათ სიმპტომები – მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. მათ შორის, გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება – თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულად მოემსახურებიან და გაუწევენ სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი