ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭიათურაში გარდაცვლილ 30 წლის ქალს დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექცია ჰქონდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭიათურაში გარდაცვლილ 30 წლის ქალს, წინასწარი დიაგნოზის თანახმად, დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექცია ჰქონდა.
„სამწუხაროდ, ვერ მოესწრო სინჯის აღება და არ არის ვირუსოლოგიური კვლევები ჩატარებული. მოკვლევა გრძელდება. გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადგილი ჰქონდა მაღალ ცხელებას, დროულად იყო სასწრაფო გამოძახებული. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ განვითარდა სწრაფი, ელვისებური ფორმა. ეს იყო მაღალი ცხელებით მიმდინარე დაავადება.
ცხელება ახასიათებს გრიპს, ახასიათებს კიდევ ძალიან ბევრ დაავადებას. წინასწარი კლინიკური დიაგნოზი გახლავთ დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექცია“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
კითხვაზე, იკვეთება თუ არა მომხდარში სასწრაფო დახმარების ბრალეულობა, გამყრელიძე ამბობს, რომ მოკვლევა გრძელდება და კითხვას ამის შემდეგ გაეცემა პასუხი.
„ჩვენ საათობრივი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ სანამ მოკვლევა დასრულდება, ამაზე ვერ ვისაუბრებთ. მას გაეწია დახმარება, როგორც ბინაზე, შემდეგ მეორე გამოძახებაზე გადაყვანილი იყო“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ასაკის ქალი სავარაუდოდ ვირუსული ინფექციით გუშინ გარდაიცვალა.