ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „ეურაზია გრუფი“ 2024 წლის გლობალურ რისკებს შორის უკრაინის გაყოფის საფრთხეს ასახელებს
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „ეურაზია გრუფი“ 2024 წლის გლობალურ რისკებს შორის უკრაინის გაყოფის საფრთხეს ასახელებს.
ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი იან ბრემერი ჟურნალ „თაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ 2024 წელი ომში გარდამტეხი მომენტია და უკრაინა თუ არ გადაწყვეტს ადამიანური ძალის პრობლემებს, არ გაზრდის იარაღის წარმოებას და არ დაადგენს რეალისტურ სამხედრო სტრატეგიას, მისი ტერიტორიული დანაკარგები, შესაძლოა, მუდმივი აღმოჩნდეს და შესაძლოა, გაფართოვდეს.
„წელს კიევი უფრო დიდ სამხედრო რისკებს მიიღებს, მათ შორის რუსეთის შიგნით უფრო მეტ სამიზნეებზე დარტყმებით, რომლებიც რუსეთის უპრეცედენტო პასუხების პროვოცირებას მოახდენს და, შესაძლოა, ნატო კონფლიქტში შეიყვანოს“, – აღნიშნულია სტატიაში.
იან ბრემერი გლობალურ რისკებში ასახელებს აშშ-ში არსებულ ვითარებას და წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გააღრმავებს ქვეყნის პოლიტიკურ დაყოფას, გამოცდის ამერიკულ დემოკრატიას იმ ხარისხით, რაც ერს არ განუცდია 150 წლის განმავლობაში და ეს ძირს უთხრის აშშ-ის სანდოობას საერთაშორისო დონეზე.
ამერიკელი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ტრამპის გამარჯვების პერსპექტივა შეასუსტებს ამერიკის პოზიციებს გლობალურ სცენაზე.
„ეურაზია გრუფის“ ხელმძღვანელი გლობალურ რისკებში ასახელებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შესაძლო გაფართოებას, უკონტროლო ხელოვნურ ინტელექტს, ჩინეთის ეკონომიკის შესუსტებას, კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებისთვის ბრძოლას გლობალური მასშტაბით და გლობალურ ინფლაციას.