ამერიკელი სენატორები საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანიკური ინტეგრაციის მიმართულებით პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ რონ ჯონსონსა და სენატორ ჯინ შაჰინს შეხვდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ასევე აშშ-ის სენატში არსებულ ორპარტიულ მხარდაჭერაზე.
მთავრობის მეთაურმა სენატორებს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა აშშ-ის სენატში სენატორ ჯინ შაჰინის თანაავტორობით შესული „კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დამცავი 2019 წლის კანონპროექტი“, რომელშიც აშშ-ის კონგრესის სხვა მრავალი წინამორბედი საკანონმდებლო დოკუმენტის მსგავსად, კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას, მათ შორის ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებს.
სენატორებმა შაჰინმა და ჯონსონმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ სენატში შესული დოკუმენტი მიზნად ისახავს, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, გაზარდოს მასზე ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა.
ჯინ შაჰინმა და რონ ჯონსონმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პროგრესს დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
„ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავუდასტურეთ, რომ აშშ-ის კონგრესში და მით უფრო სენატში, თქვენი ქვეყნის მიმართ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. გვახარებს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები და მათი უწყვეტი ხასიათი“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
საქართველოს მიერ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი სენატორმა რონ ჯონსონმა და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე.
„ყოველთვის გვაფიქრებს რუსეთის გეგმები და ქმედებები. გვსურს, გვქონდეს საპასუხო რეაქცია. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ორპარტიული მხარდაჭერა დაგვედასტურებინა”, – აღნიშნა სენატორმა ჯონსონმა.