ამერიკელი სენატორები დარწმუნებული არიან, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცია გარეული
ამერიკელი სენატორები დარწმუნებული არიან, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცია გარეული, – ამის შესახებ კონგრესმენებმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მიერ ჯამალ ხაშოგის საქმის დასკვნის გაცნობის შემდეგ განაცხადეს. ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ დასკვნის გაცნობის შემდეგ მათი ვარაუდი დადასტურდა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა დაუკვეთა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა. ის მთელ პროცესს აკონტროლებდა და ზუსტად იცოდა რა ხდებოდა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, სენატორმა რობერტ კორკერმა.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში არსებულ საუდის არაბეთის საკონსულოს ესტუმრა და მას შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით, ოფიციალურმა ერ-რიადმა აღიარა, რომ The Washington Post-ის ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს.