ამერიკელი კონგრესმენი - 100 წლის წინ პარლამენტის დაარსებით, საქართველო დემოკრატიული მმართველობის პიონერად იქცა
პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე ქართველ ხალხს ამერიკელმა კონგრესმენმა და წარმომადგენელთა პალატასთან არსებული დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა მიულოცა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„მინდა, ჩემს ქართველ მეგობრებს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი მივულოცო. 1919 წლის 20 მარტს დამფუძნებელი კრების დაარსებით, თქვენი წინაპრები დემოკრატიული მმართველობის პიონერებად იქცნენ. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც საქართველო ბოლო 100 წლის განმავლობაში ხშირად დამდგარა, ის დღემდე ძლიერი და მრავალპარტიული დემოკრატიული მმართველობის ერთგულია“, – განაცხადა კონგრესმენმა თავის ვიდეომიმართვაში, რომელიც მან სპეციალურად საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჩაწერა.
დევიდ პრაისის თქმით, საქართველოს პირველი დემოკრატიული პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს კონსტიტუციის მიღება წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს იცავდა.
საკუთარ ვიდეომიმართვაში კონგრესმენმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. პრაისის თქმით, მას საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის 13-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის წარმომადგენლის რანგში საქართველოს მეხუთედ ეწვევა.
„მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს პარლამენტთან, რომელიც დემოკრატიული და გონივრული მმართველობის ტრადიციას ეფექტიანად განაგრძობს და ქართველი ხალხის ნებას ემსახურება“, – აღნიშნა დევიდ პრაისმა.