დევიდ პრაისი - „საქართველოს მხარდამჭერის აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს
დევიდ პრაისი - „საქართველოს მხარდამჭერის აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

„საქართველოს მხარდამჭერის აქტზე“ ვისაუბრეთ, რომელსაც ხელახლა წარვადგენთ. ამ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ორივე პარტია – დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც მხარს უჭერენ საქართველოს, – ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს შედგება ამერიკელი კონგრესმენების საქართველოში ვიზიტი, რა დროსაც საუბარი გაიმართება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

„მიმდინარე წელს ჩვენ ვეწვევით საქართველოს და შევძლებთ უფრო დეტალურად ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს. ვიცით, რომ საქართველოს, ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, აქვს პრობლემები, კონფლიქტები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას უსმენენ საქართველოში, დაცულია კანონის უზენაესობა და მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა. მე მხარს ვუჭერ ამ პროცესებს“, – განაცხადა დევიდ პრაისმა.

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. ამასთან, აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.