ამბროლაურის დეპუტატის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს
ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარის გივი ქურციკიძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ადვოკატის ინფორმაციით, მისთვის ჯერ უცნობია, რა გახდა დაკავების მოტივი.
ნიკოლოზ ალთუნაშვილის თქმით, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ქურციკიძეს ბრალს წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
„შევხვდი ბატონ გივის, ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული და საერთოდ არ ვიცით რას ედავება გამოძიება, მაგრამ დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. რა საფუძველიც არ უნდა იყოს, თავს არ ცნობს დამნაშავედ. მე არ მაქვს ჯერ არანაირი ინფორმაცია, მასალები არ გადმომცემია, ბრალი არ აქვს წაყენებული. ჩვენთვის ჯერ უცნობია დაკავების საფუძველი“, – განაცხადა ადვოკატმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს.