მეცნიერთა მიერ ამაზონის აუზში ახლად აღმოჩენილი კლდის მხატვრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამაზონის ჯუნგლების უძველესი მოსახლეობა ამჟამად გადაშენებულ, გამყინვარების ხანის გიგანტური ცხოველების გვერდიგვერდ ცხოვრობდა.
ათასობით გამოსახულება ერთ-ერთი უძველესია იმ ნახატთა შორის, რომლებიც ადამიანებისა და გიგანტური ცხოველების უერთიერთქმედებას ასახავს; ნახატებს შორის არის მასტედონტების გამოსახულებებიც. მათი არსებობის ერთადერთ ნაშთებს აქამდე მხოლოდ ჩონჩხები წარმოადგენდა.
ეს გახლავთ სამხრეთ ამერიკის კლდის მხატვრობის ერთ-ერთი უძველესი კოლექცია. დაახლოებით 12 600 – 11 800 წლის წინ შესრულებული ნახატები ამაზონის აუზის კოლუმბიურ ნაწილში, გორაკებში არსებულ კლდოვან თავშესაფრებში აღმოაჩინეს. ლანდშაფტის კვლევისას აღმოჩენილ ნახატებს შორის არის გეომეტრიული ფორმები, ადამიანის ფიგურები, ხელის ანაბეჭდები, ნადირობის სცენები, ადამიანების ურთიერთქმედება მცენარეებთან, ხეებთან და სავანის ცხოველებთან. კაშკაშა წითელი ნახატები ასობით ან ათასობით წლის განმავლობაშია შესრულებული. ზოგიერთი მათგანი იმდენად მაღლაა და მიუწვდომელია, რომ მათ სანახავად სპეციალური კიბეების გამოყენება გახდა საჭირო.
დახატულია ირმები, ტაპირები, ალიგატორები, ღამურები, მაიმუნები, კუები, გველები, მაჩვზღარბები და გამყინვარების ხანის მეგაფაუნა. ამჟამად გადაშენებული ეს ცხოველები გამოსახულია ცენტრალურ ბრაზილიაში აღმოჩენილ კლდის მხატვრობაშიც, მაგრამ ექსპერტთა აზრით, ახლად აღმოჩენილი ნახატები უფრო რეალისტურია. ნახატებს შორის არის არსებები, რომლებიც წააგვანან გიგანტურ ზარმაცას, მასტოდონტს, აქლემისებრნს, ცხენებს, ჩლიქოსნებს. ამ ადგილობრივი ცხოველებიდან ახლა ყველა გადაშენებულია, ძირითადად კლიმატის ცვლილების, ჰაბიტატის დაკარგვისა და ადამიანთა მიერ ნადირობის გამო.
გამოქვებულების მიდამოებში წარმოებული გათხრებისას დაადგინეს კოლუმბიის ამაზონის უძველესი დასახლებების ზუსტი ასაკი, იმ დროის ადამიანთა კვების რაციონი, მცირე იარაღების ნაშთები და საფხეკი ქვები, რომლითაც კლდეზე ხატავდნენ.
ნახატების გაკეთების პერიოდში იქ მოსახლე საზოგადოება მონადირე-შემგროვებელი იყო; თევზაობდა ახლომდებარე მდინარეში. გათხრებისას აღმოჩენილი ძვლები და მცენარეთა ნარჩენები მიუთითებს, რომ ისინი ჭამდნენ პალმის ხის ნაყოფს, პირანიებს, ალიგატორებს, გველებს, ბაყაყებს, მღრღნელ პაკას და წყლის გოჭს, ჯავსნოსან არამიდალს.
აღმოჩენა ევროპის კვლევითი საბჭოს პროექტ LASTJOURNEY-ს მეცნიერებმა გააკეთეს, რომლებიც მუშაობენ, რათა გაარკვიონ, როდის მოხდა ამაზონის აუზის დასახლება და დაადგინონ მათი სოფლის მეურნეობისა და ნადირობის გავლენა რეგიონის ბიომრავალფეროვნებაზე.
ნახატები ამაზონის აუზის კოლუმბიური ნაწილის ჩრდილოეთ კიდეზე, არქეოლოგიურ ძეგლ სიერინა-ლა-ლინდოსას კლდეებზე აღმოაჩინეს. ისინი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რა გავლენა ჰქონათ ადამიანთა საზოგადოებებს ამაზონის ბიომრავალფეროვნებაზე და მიუთითებს კლიმატის ცვლილების მიმართ მათ ადაპტაციაზე. იმ დროს, როდესაც ამ ნახატებს ასრულებდნენ, ტემპერატურა მაღლა იწევდა და იწყებოდა ამ ზონის ტრანსფორმაცია მოზაიკური ლანდშაფტიდან არაერთგვაროვან სავანებად, ეკლიან ბუჩქნარად, გალერიულ და ტროპიკულ ტყეებად, შემდეგ დაახლოებით ისეთად, როგორიც ამაზონი დღეს არის.
გამოქვაბულები თანამედროვე დასახლებებისა და ბილიკებისგან შორს არის, მაგრამ მათ შესახებ იცოდნენ ადგილობრივმა საზოგადოებებმა, რომლებიც მკვლევრებს მათ შესწავლაში დაეხმარნენ.
კვლევა ერთობლივად ჩაატარეს კოლუმბიის სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.
„გამოსახულებები ნამდვილად გასაოცარია და შესრულებულია უძველესი ხალხის მიერ, რომელიც დასავლეთ ამაზონიაში ცხოვრობდა. ამ რეგიონში ისინი კლიმატის უკიდურესი ცვლილების დროს შევიდნენ, რაც მცენარეულობისა და ტყეების შემადგენლობის ცვლასაც იწვევდა. ამაზონის ჩამოყალიბება ისეთ ტროპიკულ ტყედ, როგორსაც დღეს ვხედავთ, ჯერ არ იყო დასრულებული“, — ამბობს ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი მარკ რობინსონი.
მისივე თქმით, ნახატები კაშკაშა და ამაღელვებელ ხედს გვთავაზობს ამ საზოგადოებათა ყოველდღიურობაში.
„დღეს ჩვენთვის ალბათ დაუჯერებელია იმაზე ფიქრიც კი, რომ ისინი ცხოვრობდნენ და ნადირობდნენ გიგანტურ ბალახისმჭამელ ცხოველთა შორის“, — აღნიშნავს იგი.
ამაზონის აუზში გამოქვაბულები ძირითადად მოშიშვლებულია და მკვლევართა მიერ სხვა ადგილებში აღმოჩენილი ნახატები დაზიანებული და ბუნდოვანია. გამოქვაბულები, რომლებშიც ნახატები ახლა აღმოაჩინეს, შედარებით დაცულია ქარისა და წვიმისგან.
„კლდის მხატვრობა საოცარი მტკიცებულებაა იმისა, როგორ გარდაქმნიდნენ ადამიანები მიწას, როგორ ნადირობდნენ, თესავდნენ და თევზაობდნენ. სავარაუდოდ, მხატვრობა კულტურის ძლიერ ნაწილს წარმოადგენდა და ადამიანებს შორის სოციალური კავშირის ერთგვარი სახე იყო. ნახატები გვიჩვენებს, როგორ ცხოვრობდა ეს ხალხი გიგანტურ, ამჟამად გადაშენებულ იმ ცხოველთა შორის, რომლებზეც ისინი ნადირობდნენ კიდეც“, — ამბობს ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორი ხოსე ირიარტე.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.