ამალ ქლუნი მიანმარის ლიდერს Reuters-ის ჟურნალისტების შეწყალებისკენ მოუწოდებს
უფლებადამცველი ამალ ქლუნი მიანმარის ლიდერს აუნ სან სუ ჩის სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტების შეწყალებისკენ მოუწოდებს. როგორც ამალ ქლუნიმ გაერო-ში პრესის თავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, დაახლოებით ერთი კვირის წინ ჟურნალისტების ცოლებმა მიანმარის მთავრობას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ქმრების შეწყალებას ითხოვენ. ამალ ქლუნის ინფორმაციით, მიანმარის პრეზიდენტი ჟურნალისტების შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილებას ქვეყნის პირველ სახელმწიფო მრჩეველ აუნ სან სუ ჩისთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
„თქვენ ამდენი წელი იბრძოდით სწორედ იმ ციხიდან გათავისუფლებისთვის, სადაც ახლა ისინი სხედან და ახლა გაქვთ ძალაუფლება, აღმოფხვრათ ეს უსამართლობა, თუ ამის გაკეთება გსურთ“, – მიმართა ამალ ქლუნიმ აუნ სან სუ ჩის.
ამალ ქლუნი Reuters-ის ჟურნალისტების დამცველი იურისტების ჯგუფის წევრია.
ორი კვირის წინ მიანმარის პირველმა სახელმწიფო მრჩეველმა აუნ სან სუ ჩიმ განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა კანონი დაარღვიეს და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოხატვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს.
მიანმარის სასამართლომ 3 სექტემბერს სააგენტო Reuters-ის ორ ადგილობრივ ჟურნალისტს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტები 2017 წლის 12 დეკემბერს დააკავეს. ორივე მათგანი რაკჰაინის შტატში როჰინჯების მასობრივ მკვლელობას აშუქებდა.
ყოფილი აქტივისტი და უფლებადამცველი, ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი, აუნ სან სუ ჩი სამხედრო ხუნტის დროს 10 წლის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. სან სუ ჩიმ ვერ შეეძლო როჰინჯების წინააღმდეგ ძალადობის შეჩერება, რის გამოც, მისი საერთაშორისო რეპუტაცია შემცირდა.