ალმასის წვიმა სამყაროში შეიძლება ძალიან ბევრ პლანეტაზე მოდის — #1tvმეცნიერება
თუკი ოდესმე შესაძლებელი გახდება, რომ ნეპტუნის სასტიკი გარემო პირობების მქონე ატმოსფეროში გავიფრინოთ, ერთი მომაჯადოებელი ფენომენის მომსწრე გავხდებით — დავინახავთ, როგორ აწვიმს ხომალდის ფანჯრებს ალმასები.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ეს საოცარი ფენომენი შეიძლება საკმაოდ გავრცელებული იყოს მთელ სამყაროში.
ნეპტუნისა და ურანის მსგავს ყინულოვან გაზის გიგანტ პლანეტებზე, ატმოსფეროს სიღრმეში არსებული ულტრამაღალი ტემპერატურისა და წნევის გამო, ნახშირბადი კრისტალებად შეიძლება შეიკრას. ასეთი გარემო მეთანის მსგავს ნახშირწყალბადებს შლის, რაც მათში არსებულ ნახშირბადის ატომებს ოთხ სხვა ატომთან შეერთებისა და მყარი ალმასების ნაწილაკების წარმოქმნის საშუალებას აძლევს.
ახალი კვლევის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, რომლებშიც ალმასის წარმოქმნის პროცესების სიმულაცია ლაბორატორიაში მოახდინეს, ამ სახით ალმასის წარმოქმნისთვის საჭირო ტემპერატურისა და წნევის ზღვარი იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერებს მიაჩნდათ.
შედეგად, ალმასების წვიმა შედარებით პატარა გაზის პლანეტებზე, ე. წ. მინინეპტუნებზეც უნდა იყოს შესაძლებელი. ცნობილია, რომ მზის სისტემის მიღმა, სხვა ვარსკვლავებთან, მრავალი ასეთი პლანეტაა.
ამ აღმოჩენამ ასევე შეიძლება ამოხსნას ზოგიერთი საიდუმლო ურანია და ნეპტუნის მაგნიტური ველების შესახებ.
„ეს საოცარი აღმოჩენა არა მხოლოდ აღრმავებს ჩვენს ცოდნას ადგილობრივი ყინულოვანი პლანეტების შესახებ, არამედ გავლენა აქვს ჩვენს წარმოდგენაზეც მზის სისტემის მიღმა, ეგზოპლანეტებზე მიმდინარე ასეთივე პროცესების შესახებ“, — ამბობს აშშ-ის ეროვნული ამაჩქარებლის ლაბორატორია SLAC-ის ფიზიკოსი ზიგფრიდ გლენცერი.
ახალი კვლევის ავტორებმა ევროპის თავისუფალი ელექტრონების რენტგენული ლაზერი (European XFEL) გამოიყენეს, რათა დაჰკვირვებოდნენ ალმასების წარმოქმნას ნახშირწყალბადის ნაერთის, პოლისტიროლის ფირისგან, რომელიც უზარმაზარი წნევის ქვეშ იყო მოთავსებული.
ამ კონფიგურაციით, ჯგუფი პროცესს უფრო დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდა, ვიდრე ეს წინა ექსპერიმენტებში იყო შესაძლებელი. როგორც ამ გრძელვადიანმა ცდამ აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი წნევა და სუპერმაღალი ტემპერატურა მაინც ძლიერ საჭიროა, როგორიც მეცნიერებს აქამდე წარმოედგინათ.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ პლანეტების თვალსაზრისით, ალმასები შეიძლება არც ისე დიდ სიღრმეში წარმოიქმნებოდეს, როგორც მეცნიერებს მიაჩნდათ; გამომდინარე აქედან, დაბლა ჩამავალი ალმასის ნაწილაკები თან უნდა მიათრევდნენ გაზსა და ყინულს, რაც ამ პლანეტათა მაგნიტურ ველებზე გავლენას იმაზე პირდაპირი გზით უნდა ახდენდეს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
დედამიწისგან განსხვავებით, ნეპტუნისა და ურანის მსგავს ყინულის პლანეტებს სიმეტრიული მაგნიტური ველები არ აქვთ. ამ მომენტამდე ეს ამბავი გარკვეულწილად ამოუხსნელი იყო, ვარაუდობდნენ, რომ მაგნიტური ველი პლანეტის ბირთვში არ წარმოიქმნება. ალმასებმა ეს ამბავი შეიძლება ახსნას.
„ეს შეიძლება მოძრაობებს უბიძგებდეს ამ პლანეტებში არსებულ გამტარ ყინულებში, რაც გავლენას უნდა ახდენდეს მათი მაგნიტური ველის გამომუშავებაში“, — ამბობს ფიზიკოსი მუნგო ფროსტი.
ეს ყველაფერი საკმაოდ დამაინტრიგებელია და მომავალში, უფრო სიღრმისეული კვლევების საგანი უნდა გახდეს. ბოლო წლებში, მეცნიერები ცოტათი უფრო მიუახლოვდნენ იმის გაგებას, თუ როგორ შეიძლება მუშაობდეს ეს პროცესო შორეულ პლანეტებზე და რა შედეგები შეიძლება ახლდეს.
ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანმა საველე კვლევები უშუალოდ ადგილზე, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროებში ჩაატაროს.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია slac.stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.