ალიხან სმაილოვი - მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით
საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი პერსპექტიული პროექტები.
„საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენ შორის ორმხრივი თანამშრომლობა ფართოვდება, ხოლო კავშირები არის მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა, მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს შვიდჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს, აქედან 100 მლნ-ზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერმა.
მისი თქმით, ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება.
„მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა იმაზე, რომ საქართველოსა და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები – 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. მსურს, ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში დასახსნელად.
მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობის გამოყენება სატვირთო გადაზიდვების მიზნით“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ასევე გაიხილეს მრავალი საკითხი, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტურიზმის საკითხები.
„მოგეხსენებათ, დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის. ქართულ ავიაკომპანიებს მოვუწოდებთ, ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებისკენ და დარწმუნებული ვართ, რომ ამას ძალიან კარგი გავლენა ექნება ბიზნესკავშირებსა და ხალხთაშორის ურთიერთობებზე, ისევე როგორც ტურიზმის სექტორზე. მოლაპარაკებების საფუძველზე რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. საერთო ჯამში, გვწამს, რომ ამ სფეროებში ურთიერთობების განვითარება ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხოლო დადებული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. ყაზახეთის მთავრობა მზაობას აცხადებს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის“, – განაცხადა ალიხან სმაილოვმა.