ალი აჰმედოვი - აზერბაიჯანი მიმართავს ძალისხმევას ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაში სუამ-ის როლის გაძლიერებისკენ
კმაყოფილები ვართ, რომ ყველამ განაცხადა თანხმობა სუამ-ის წევრი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა, ალი აჰმედოვმა კიევში განაცხადა, სადაც სუამ-ის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების სამიტი იმართება.
„ჩვენ სუამ-ს განვიხილავთ, პირველ რიგში, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ინსტრუმენტს. შესაბამისად, გამოვდივართ იქიდან, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება არის ამ ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნებს შორის წარმატებული პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და გაფართოების საფუძველი“, – განაცხადა აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო სუამ-ის, როგორც რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციის სამომავლო განვითარებას.
„ამ მხრივ გამოითქვა სუამ-ის ტრანსფორმაციის რამდენიმე იდეა და აქაც ძირითადი ყურადღება მიმართული იყო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე. საუბარი შეეხო ჩვენი თანამშრომლობის ისეთ კომპონენტს, როგორიცაა უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის მიღწევა. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ყველამ განაცხადა თანხმობა სუამ-ის წევრი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ალი აჰმედოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან აზერბაიჯანი სუამ-ის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.
„აზერბაიჯანი მიმართავს ყველა ძალისხმევას ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაში ორგანიზაციის როლის გაძლიერებისკენ. ამ მხრივ აზერბაიჯანის მთავარი პრიორიტეტები იქნება თანამშრომლობა სატრანსპორტო სფეროში, ასევე ენერგეტიკაში, ტურიზმში, მცირე და საშუალო ბიზნესში“, – დასძინა აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა.