დავით ზალკალიანი - სუამ-ის ქვეყნები ყველა საერთაშორისო ფორმატში ერთობლივი პოზიციებით ხაზს გავუსვამთ, რომ თანმიმდევრულები ვართ კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით
დავით ზალკალიანი - სუამ-ის ქვეყნები ყველა საერთაშორისო ფორმატში ერთობლივი პოზიციებით ხაზს გავუსვამთ, რომ თანმიმდევრულები ვართ კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით

სუამ-ის ქვეყნების თანამშრომლობა მომავლშიც აქტიურად გაგრძელდება და ჩვენი ერთობლივი პოზიციების დაფიქსირებით ყველა საერთაშორისო ფორმატში ხაზს გავუსვამთ, რომ ვართ თანმიმდევრული კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კიევში განაცხადა, სადაც სუამ-ის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების სამიტი იმართება.

„თავად ის ფაქტი, რომ პრემიერების დონეზე იმართება სუამ-ის შეხვედრა, მიანიშნებს იმაზე, რომ ორგანიზაციაში განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ სახელმწიფოს მეთაურებისა და პრემიერ-მინისტრების უმაღლეს დონეზე ჩართულობას, რადგან მათი ჩართულობა იწვევს პროცესების დაჩქარებას, რისი დასტურიც არის დღევანდელი შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი შედეგი გახლავთ ის ყოვლისმომცველი დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესების რეალურ ასახვას, მათ შორის ეკონომიკური განზომილების, სატრანსპორტო-ენერგეტიკული კორიდორების განვითარების კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების პერსპექტივით, ხალხთა შორის ურთიერთობის, ტურიზმის განვითარების კუთხით და რა თქმა უნდა, პოლიტიკური განზომილება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, თავმჯდომარეობის პირობებში საქართველომ მნიშვნელოვანი, ხელშესახები წვლილი გვაქვს შეიტანა ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით.

„ის კონცეფცია, ხედვა, რომელიც სუამ-ის სტრატეგიულ განვითარებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და წარუდგინა სუამ-ის ქვეყნებს განსახილველად, არის სახელმძღვანელო და ის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები, რომლებიც დღეს გამოიკვეთა, კერძოდ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარება, საბაჟო სფეროებს შორის თანამშრომლობა, ტურიზმის განვითარება, პოლიტიკური თანამშრომლობა სწორედ იმ ხედვიდან გამომდინარეობს, რომელიც ჩვენი თავმჯდომარეობის პირობებში იმ სტრატეგიულ დოკუმენტში წარვადგინეთ და ეს ძალიან კარგია, რომ პრაქტიკულ განზომილებაში ითარგმნა. ვფიქრობ, ეს დიდწილად შეუწყობს ხელს სუამ-ის ეფექტურობის გაზრდას. ამიტომ ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა იყო ნაყოფიერი, შედეგიანი და დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის პირობებში, რომელიც შემდეგი წლიდან გადაიბარებს თავმჯდომარეობას, შესაძლებლობა გვექნება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ვისაუბროთ კონკრეტულ შედეგებზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სუამ-ის ქვეყნებმა ყველა საერთაშორისო ფორმატში დაუჭირონ ერთმანეთს მხარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში.

„მინდა, ასევე ყურადღება გავამახვილო ჩვენს რეგიონში არსებულ საერთო პრობლემატიკაზე, რაც არის დაკავშირებული კონფლიქტებთან და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებთან, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომელიც არის ჩვენთვის პრიორიტეტი და მნიშვნელოვანია, რომ სუამ-ის ქვეყნები, ყველა, არამხოლოდ ამ ფორმატში, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, ერთმანეთის მხარდაჭერით, ერთობლივი ინიციატივით, ერთმანეთის რეზოლუციების მხარდაჭერით, მათ შორის რეზოლუციის უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც ყირიმთან დაკავშირებით სულ ახლახან იყო მიღებული, რომლის თანასპონსორიც იყო საქართველო, არის იმის დემონსტრირება, თუ როგორ უჭერს საქართველო მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სუამ-ის ქვეყნების მხრიდანაც ჩვენ გვაქვს მსგავსი, შემხვედრი ნაბიჯები ჩვენს რეზოლუციებთან დაკავშირებით, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა კომისიაში, ჟენევაში ჩვენს რეზოლუციასთან დაკავშირებით და ყველა საერთაშორისო ფორმატში. ასე რომ, ეს თანამშრომლობა მომავლშიც აქტიურად გაგრძელდება და ჩვენი ერთობლივი პოზიციების დაფიქსირებით ყველა საერთაშორისო ფორმატში ხაზს გავუსვამთ იმას, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.