ალექსეი ნავალნის მოკავშირეები „იუთუბსა“ და „ტელეგრამს“ ცენზურაში ადანაშაულებენ
ალექსეი ნავალნის თანამებრძოლები „იუთუბსა“ და „ტელეგრამს“ ცენზურაში ადანაშაულებენ. პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის მოკავშირეები აცხადებენ, რომ „იუთუბმა“ და „ტელეგრამმა“ დაბლოკა მათ მიერ საარჩევნოდ გავრცელებული რეკომენდაციები. საუბარია ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ხმის მიცემის ე.წ. ჭკვიანურ მეთოდზე, რომლის მიხედვითაც ნავალნი და მისი გუნდი მოუწოდებს მოქალაქეებს, ხმა მისცენ კონკრეტულ კანდიდატებს. მათი მტკიცებით, ეს მეთოდი არის ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც რუსეთის მმართველი პარტიისთვის წინააღმდეგობის გაწევა არის შესაძლებელი.
ნავალნის თანამებრძოლებმა სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებზე გაავრცელეს იმ კანდიდატების სია, რომელთაც მოქალაქეებმა უნდა მისცენ ხმა, თუმცა „იუთუბმა“ და „ტელეგრამმა“ აღნიშნული დოკუმენტები და ვიდეოები დაბლოკა.
„ტელეგრამის“ დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა განაცხდა, რომ ნავალნის გუნდის მიერ გავრცელებული კანდიდატების სია დაბლოკა, რადგან რუსეთში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხმის მიცემის დროს აგიტაცია აკრძალულია. ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა „ტელეგრამის“ გადაწყვეტილებას „ცენზურა“ უწოდა
მანამდე ნავალნის გუნდის მიერ ამავე მიზნით შექმნილი მობილური ტელეფონის აპლიკაცია წაშალა „გუგლმა“ და „ეფლმა“. ამის გამო რუსი ოპოზიციონერის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ინტერნეტ გიგანტები რუსეთის ხელისუფლების ზეწოლას დაყვნენ.