მოსკოვში აქციაზე დაკავებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ნავალნის გათავისუფლების შესახებ მისმა ადვოკატმა, ოლგა მიხაილოვამ განაცხადა. უფლებადამცველის თქმით, ნავალნი ვალდებულია, სამართალდამცავი უწყების მიერ მისი დაბარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს.
ალექსეი ნავალნი 28 იანვრის საღამოს მოსკოვის ცენტრში დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ნავალნი მოსკოვში აქციაზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში აიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიტიკოსის დაკავებამდე, საპროტესტო აქციაზე „ამომრჩევლების გაფიცვა“, რომელიც 28 იანვარს მთელი რუსეთის მასშტაბით გაიმართა, 250-მდე ადამიანი დააკავეს. მათ მასობრივი შეკრების ორგანიზების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.
აქციის მიზანი იყო ამომრჩევლების დარწმუნება, არ მივიდნენ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც მარტშია დაგეგმილი.
ნავალნის ჯერ რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ, შემდეგ კი ყველა ინსტანციის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა.