ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა
ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა

უკრაინის რადას დეპუტატი ნატალია პიპა აცხადებს, რომ პოლიციამ პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ პარტია „გოლოსის“ დეპუტატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მოქალაქე არესტოვიჩის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ამის შესახებ მაცნობა უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ, მე კი თქვენ გაცნობებთ. ველოდებით მზვერავის უკრაინაში სწრაფ (თუმცა საეჭვო) დაბრუნებას“, – წერს ნატალია პიპა.

უკრაინის პოლიციაში განაცხადეს, რომ დეპუტატთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოება დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით.

პოლიციაში უკრაინულ გამოცემა „უნიანს“ დაუდასტურეს, რომ საქმე ეხება არესტოვიჩსა და პიპას.

ალექსეი არესტოვიჩსა და დეპუტატ ნატალია პიპას შორის უთანხმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამის მიზეზი ზაფხულში ნატალია პიპასა და ერთ-ერთ მოზარდს შორის ოდესის ქუჩაში მომხდარი დაპირისპირება გახდა. მოზარდი ქუჩაში საბჭოთა მომღერლის, ვიქტორ ცოის სიმღერებს ასრულებდა, რაზეც სახალხო დეპუტატმა მას შენიშვნა მისცა, აღნიშნულს ბიჭის მხრიდან ემოციური რეაგირება და უცენზურო სიტყვები მოჰყვა. ნატალია პიპამ პოლიციას მიმართა. მოზარდის დასაცავად ალექსეი არესტოვიჩმა სასამართლოს მიმართა და ნატალია პიპას წინააღმდეგ უკრაინაში ეროვნული შუღლის გაღვივებისთვის სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მოითხოვა. ოქტომბერში კი 29 დეპუტატისგან შემდგარმა ჯგუფმა უკრაინის ნაციონალურ პოლიციაში კოლექტიური განცხადება შეიტანა, რომლითაც არესტოვიჩი დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებაში დაადანაშაულეს.

თავად ალექსეი არესტოვიჩი საზღვარგარეთ იმყოფება. ნოემბრის დასაწყისში მან აშშ-დან გამოაქვეყნა სურათები.

ცნობისთვის, ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იძიებს.