ალექსანდრე ვინნიკოვი - ნატო ერთგულია შეხედულების, რომ თითოეული ქვეყანა თავისუფალია უსაფრთხოების მიდგომებისა და პარტნიორების შერჩევაში
ალექსანდრე ვინნიკოვი - ნატო ერთგულია შეხედულების, რომ თითოეული ქვეყანა თავისუფალია უსაფრთხოების მიდგომებისა და პარტნიორების შერჩევაში

ნატო ერთგულია იმ შეხედულების, რომ თითოეული ქვეყანა თავისუფალია უსაფრთხოების მიდგომებისა და პარტნიორების შერჩევაში, ამას ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ დაადებს ვეტოს, ეს ფუნდამენტური პრინციპია, –  ამის შესახებ უკრაინაში ნატო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინნიკოვმა ​იავორივის სამხედრო ცენტრში, 2019 წლის ნატო-ს მრავალეროვანი სწავლების ფარგლებში მედიასთან შეხვედრაზე საქართველოს პირველი არხის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი მიესალმება საქართველოსა და უკრაინის მხრიდან გამოთქმულ მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი.

„ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქვეყნების გადაწყვეტილებასაც, რომლებსაც ასეთი სურვილი არ გამოუთქვამთ. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ვავითარებთ პარტნიორობას თითოეული სახელმწიფოს სურვილის მიხედვით. ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის რეფორმირებას, საქართველოში ნატო-სთან დაახლოების კუთხით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. გვაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო მეტ შედეგს დავინახავთ. რაც შეეხება უკრაინას, აქ ახლა მთავარი ყურადღება იმაზეა, რომ გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები როგორც თავდაცვის, ისე შეიარაღების მიმართულებით, ასევე გაგრძელდეს დემოკრატიული პრინციპების დანერგვა, ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა თუ ეკონომიკის განვითარების მიმართულებებით. ეს აუცილებელია ნატო-ში ინტეგრაციისთვის. რაც შეეხება რუსეთს, ნათელია, რომ იმის გათვალისწინებით, რაც ამ სახელმწიფომ ჩაიდინა, მათ შორის 2014 წელს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭომ შეწყვიტა მასთან თანამშრომლობა, თუმცა ღია რჩება დიალოგის არხები, რადგან კომუნიკაცია მაღალი ზეწოლის პირობებშიც საჭიროა. რთული შეხვედრები გვაქვს, ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა რუსეთი ჩვენი მეზობელია და მასთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო ვალდებულებებს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ალექსანდრე ვინნიკოვმა.​

ვინნიკოვის თქმით, რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში დესტრუქციულ ქმედებებს და რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებით, რომელიც ნატო-ს აგრესიულ სამხედრო ალიანსად წარმოაჩენს.

უკრაინაში ნატო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც საუბრობს და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ყოფნის გაზრდაზე მიუთითებს.

„შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, რომელსაც ფარავს ნატო-ს სამი მოკავშირე, ასევე უკრაინა და საქართველო. რუსეთის აგრესიული ქმედებების შემდეგ კი, ნატო-მ გააძლიერა ალიანსის ყოფნა შავ ზღვაში. მაგალითად, გასულ წელს შავი ზღვის აუზში ჩვენმა გემებმა 120 დღე გაატარეს, რაც წინა წლების 80 დღესთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. წელს ვგეგმავთ უკრაინის სამ პორტში ვიზიტსაც, ვგულისხმობ ოდესას. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას საკუთარ წყლებში საზღვაო ნავიგაციის თავისუფლება აქვს. ჩვენ ასევე გავზარდეთ ყოფნა ხმელეთზეც, მათ შორის რუმინეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვაშინგტონში შემუშავდა შავი ზღვის პაკეტი, რომელშიც საქართველო და უკრაინაცაა გათვალისწინებული. ახლა ამ გადაწყვეტილების ამუშავების ადრეულ ეტაპზე ვართ, მათ შორის ვეხმარებით უკრაინის საზღვაო ძალების მოდერნიზებაში“, – აღნიშნა ვინნიკოვმა.