ალექსანდრე ტაბატაძე - კანონპროექტის ინიცირების ეტაპზე კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი არ მოწმდება
იურიდიული დეპარტამენტი ამ ეტაპზე პარლამენტის ბიუროს აწვდის ინფორმაციას, წარდგენილი კანონპროექტი რამდენად შესაბამისობაშია ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ ოპოზიციის კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ „ევროპული საქართველოს“ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„იურიდიული დეპარტამენტის დასკვნის ფარგლები განსაზღვრულია პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად და ის ამზადებს ორი სახის დასკვნას. ერთი დასკვნა რეგლამენტის 102-ე მუხლის შესაბამისად მზადდება მაშინ, როდესაც ხდება კანონპროექტის ინიცირება. ზუსტად აღნიშნულ მოცემულობასთან გვქონდა დღეს საქმე და ამ ეტაპზე იურიდიული დეპარტამენტი პარლამენტის ბიუროს აწვდის ინფორმაციას, წარდგენილი კანონპროექტი რამდენად შესაბამისობაშია ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან. ამ ეტაპზე მოწმდება წარდგენილი კანონპროექტი რამდენად ინიცირებულია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, განმარტებითი ბარათი წარდგენილი არის თუ არა ნორმატიული აქტების შესაბამისად. ვადასტურებ, რომ აღნიშნულ ეტაპზე ნორმატიული აქტის მოთხოვნასთან კანონპროექტი იყო შესაბამისობაში. შესაბამისად, ეს დასკვნა მიეწოდა ბიუროს. ამ ეტაპზე შესაბამისობის საკითხი კანონმდებლობასთან არ მოწმდება“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა დაწერა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.